ახალი ამბები

კობახიძე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ზურაბიშვილის წინააღმდეგ გამოძიებაზე მიანიშნებს

19 ოქტომბერი, 2023 • 1024
კობახიძე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ზურაბიშვილის წინააღმდეგ გამოძიებაზე მიანიშნებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესაძლო სისხლისსამართლებრივ დევნაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. კობახიძის თქმით, საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის განმავლობაში ზურაბიშვილი კონსტიტუციის თანახმად ხელშეუხებელია, თუმცა მას შემდეგ, რაც ეს ვადა ამოიწურება, სისხლისსამართლებრივი საქმის გააქტიურება შესაძლებელია:

„საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის განმავლობაში პრეზიდენტი არის ხელშეუვალი კონსტიტუციის თანახმად. მხოლოდ იმპიჩმენტის წესით შეიძლება ამ შემთხვევაშიც მისი პასუხისგებაში მიცემა. სხვა შემთხვევაში არის შეუძლებელი. მაგრამ რატომ არ აფინანსებდა ის ბიუჯეტიდან არალეგიტიმურ ვიზიტებს? მას ეშინია პრეზიდენტობის შემდგომი პერიოდის.

შეიძლება, ამ წლის განმავლობაში მის მიმართ ვერ აღიძრას საქმე, მაგრამ როგორც კი ამოეწურება საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა, მაშინვე შეიძლება მოხდეს ასეთი სისხლისსამართლებრივი საქმის აქტუალიზება. ამიტომ ეშინოდა მას სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობის დარღვევის, როდესაც ბიუჯეტიდან არ გასწევდა ხარჯებს ვიზიტების დასაფინანსებლად“, — განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი განცხადება ირაკლი კობახიძემ გუშინ, 18 ოქტომბერსაც გააკეთა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავდა, რომ „კონსტიტუციის მორიგი დარღვევის“ შემთხვევაში პრეზიდენტის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგეს.

როგორც კობახიძემ პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვისას განაცხადა, სალომე ზურაბიშვილი, ალბათ, კვლავაც განაგრძობს კონსტიტუციის დარღვევას.

„ხვალაც დაარღვევს, რა შეუშლის ხელს? „ნაცმოძრაობის“ იმედი კვლავაც აქვს. ერთადერთი, რისი იმედიც შეიძლება არ ჰქონდეს, არის პროკურატურა, სისხლისსამართლებრივი გამოძიება… მე არ ვიცი, ახლა სამართლებრივად უცბად გამიჭირდება პასუხის გაცემა, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, სამომავლო კონსტიტუციის დარღვევა შეიძლება უკვე იძენდეს სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს, თუმცა მე გამჭირდება ამაზე საუბარი“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის მიერ პროკურატურის ხსენებას გამოეხმაურა თავად სალომე ზურაბიშვილი და თქვა, რომ მას ვერ შეაშინებენ.

„მე დღეს მახსენდება დიდი ნიკო ნიკოლაძის მაგალითი, რომელიც გაასამართლეს, გადააყენეს, მაგრამ ვერაფერი დააკლეს. ამის მიუხედავად მან ამ ქვეყანაში მრავალგზით და ფორმით ევროპა შემოიყვანა. მე, მის შთამომავალს, როგორც გგონიათ, რამ უნდა შემაშინოს, თუნდაც პროკურატურის ხსენებამ? რამ უნდა დამაღონოს, რამ უნდა მაიძულოს, ეს ქვეყანა მივატოვო? ამის იმედი ნუ გექნებათ“, — მიმართა პრეზიდენტმა მმართველ გუნდს.

მასალების გადაბეჭდვის წესი