ახალი ამბები

ბოლნისში 14 წლის ბავშვმა იმშობიარა

18 ოქტომბერი, 2023 • 1234
ბოლნისში 14 წლის ბავშვმა იმშობიარა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მე-8 კლასის მოსწავლემ იმშობიარა. ბავშვი ახლა 14 წლისაა. ნეტგაზეთის ინფორმაციით, ის 12 წლის ასაკში დანიშეს, 13 წლისა კი მეზობელ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ კაცზე დააქორწინეს. ამის მიუხედავად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ნიშნები მხოლოდ მაშინ აღმოაჩინეს, როცა ბავშვმა იმშობიარა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წელს მიუღწეველ ბავშვთან სქესობრივ კავშირს გულისხმობს. აღნიშული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით 8-დან 12 წლამდე.

მსგავსი შემთხვევების გამოძიებისას იკვეთება ისეთი დანაშაულის ნიშნებიც, როგორიცაა ქორწინების იძულება, დანაშაულის შეუტყობინებლობა და სხვა. ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა გამოძიება ამ კუთხით აქტიურობას.

გარდა ამისა, შესაძლოა იკვეთებოდეს სკოლის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელსაც რეფერირების მექანიზმი ავალდებულებს, არასრულწლოვანზე შესაძლო ძალადობის შემთხვევაში მიმართოს პოლიციას.

მნიშვნელოვანია, პასუხი გაეცეს კითხვებს – როდის “დააქორწინეს” გოგო და ვინ იყო ინფორმირებული ამის შესახებ, შეწყვიტა თუ არა სწავლა სკოლაში, ჰქონდა თუ არა ადგილი ბავშვზე ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სექსუალურ ძალადობას და სხვა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ნეტგაზეთი ცდილობს პასუხისმგებელ უწყებებთან დაკავშირებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი