ახალი ამბები

არიან თუ არა უკრაინაში დაღუპული ქართველები გმირები? — მინისტრის პასუხი

17 ოქტომბერი, 2023 •
არიან თუ არა უკრაინაში დაღუპული ქართველები გმირები? — მინისტრის პასუხი

თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს, რომ პირადად ის უკრაინის ომში დაღუპულ ქართველებს გმირად მიიჩნევს, თუმცა მათ ეს სტატუსი არ აქვთ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ მინისტრის საათის ფორმატში ჯუანშერ ბურჭულაძის სტუმრობისას განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის კომიტეტებმა მხარი არ დაუჭირეს ენმ-ის ინიციატივას, უკრაინაში დაღუპული ქართველების სტატუსი გათანაბრებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა სტატუსს და იმავე შეღავათებით ესარგებლათ მათ ოჯახებს. დეპუტატმა თავდაცვის მინისტრს ჰკითხა, თვლის თუ არა იგი, რომ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები არიან გმირები და მათი ოჯახები იმსახურებენ შეღავათებს სახელმწიფოსგან.

„უკრაინაში დაღუპულები თუ არიან გმირები? კი ან არა? ვისთვის? ვიღაცისთვის გმირები არიან… ჩემთვის გმირები არიან. სამართლებრივად, ეს სტატუსი არა აქვთ, რომელიმე ქვეყნის მოქალაქისთვის შეიძლება არ იყოს გმირი, ჩემთვის პირადად გმირები არიან. როდესაც ადამიანი ზოგადად იცავს ისეთ ღირებულებას, რომელსაც მე პატივს ვცემ, ის ჩემთვის გმირია. არ აქვს მნიშვნელობა, მათ შორის 10%-იც რომ იყოს იმ განწყობით, რომ ამით ჩვენი ქვეყნის საქმეს აკეთებს (და ჩემი აზრით, იქნება ასეთი), მე ყველას პატივის ვცემ მათ გამო“, — განაცხადა ბურჭულაძემ.

მან ასევე უპასუხა დეპუტატ ნიკა მაჭუტაძის კითხვას, თუ რატომ არ კრძალავენ უკრაინაში დაღუპულ საქართველოს მოქალაქეებს ძმათა სასაფლაოზე. ბურჭულაძის თქმით, თავდაცვის უწყებას აქვს ოჯახებთან კომუნიკაცია და უკრაინის ომში დაღუპულ ქართველებს პატივით კრძალავს.

„ის, რომ კანონმდებლობაში ცვლილებაა შესატანი და შეიძლება კიდევ უფრო მეტი პატივი მივაგოთ, ერთი მხრივ, სცდება ჩვენს კომპეტენციას და, მეორე მხრივ, შეიძლება ამას არ ჰქონდეს მერე რაღაც ზღვარი, რომ განვასხვაოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისგან დაღუპულები სხვისგან“, — დასძინა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი