ახალი ამბები

რატომ უტევს რუსეთი ავდიივკას და რა მნიშვნელობა აქვს ამ ქალაქს ომში

17 ოქტომბერი, 2023 •
რატომ უტევს რუსეთი ავდიივკას და რა მნიშვნელობა აქვს ამ ქალაქს ომში

„იყენებენ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს, არტილერიას, ტანკს, ქვეითებს – ყველაფერს ერთდროულად“, – ასე აღწერს უკრაინის შეიარაღებული ძალების 59-ე ბრიგადის ოფიცერი ცეხოვსკი ავდიივკაში მიმდინარე ბრძოლებს „ბი-ბი-სი“-ს რუსულ ბიუროსთან საუბარში.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 10 ოქტომბრიდან დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები ავდიივკაში, თუმცა ოფიციალური მოსკოვი, რიგი სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, ინფორმაციას მიმდინარე ბრძოლებზე დიდად არ ავრცელებს.

რაში სჭირდება რუსეთს ავდიივკა, რა გავლენა ექნება ქალაქისთვის ბრძოლებს ფრონტზე და რა ვითარებაა ახლა – წაიკითხეთ „ნეტგაზეთის“ სტატიაში.

9 წელი ფრონტის ხაზთან

2014 წლის გაზაფხულზე, როცა ევრომაიდნის შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა ბრძოლები წამოიწყეს, ავდიივკა ფრონტის ხაზზე მდებარე ქალაქი გახდა – ის დონეცკიდან, 13 კილომეტრში მდებარეობს.

ბრძოლების შედარებით ჩაწყნარების შემდეგ ის უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების ქვეშ რჩებოდა, თუმცა 2017 წელს „დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ“ ქალაქის დაკავება კიდევ ერთხელ, წარუმატებლად სცადა.

2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ავდიივკის ირგვლივ განახლდა აქტიური საბრძოლო მოქმედებები. 2023 წლის მარტისთვის ქალაქში აღარ იყო არც ერთი მთლიანი, დაუზიანებელი შენობა, ხოლო მოსახლეობა შემცირდა – 35 000-დან 1778-მდე, განაცხადა ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი ბარაბაშმა.

„ყველაზე დიდი შეტევითი ოპერაცია“ – რისთვის?

ბრიტანეთის დაზვერვაში მიიჩნევენ, რომ ავდიივკის აღებისთვის გადადგმული ნაბიჯები, თავისი მასშტაბით, რუსეთის ყველაზე დიდი შეტევითი ოპერაციაა, სულ მცირე, 2023 წლის იანვრის შემდეგ. მათი შეფასებით, უკრაინის მიერ ავდიივკის კონტროლი წინ უდგას რუსეთის მიზანს, დაიკავოს დონეცკის ოლქის ადმინისტრაციული საზღვრები.

„ბი-ბი-სი“-ს სამხედრო კორესპონდენტის, პალევ აქსიონოვის თქმით, ავდიივკის აღება ფრონტის ხაზს დონეცკიდან მოშორებით გადაწევდა [რუსული „ტვ-ცენტრი“ აღნიშნავს, რომ ავდიივკის სიმაღლეებიდან დონეცკზე დარტყმაა შესაძლებელი] და ამასთან ერთად, აღარ იქნებოდა ფრონტის ამ მონაკვეთზე შეჭრილი რუსეთის თავდაცვითი ხაზის სიღრმეში. სხვა ყველაფერთან ერთად, დიდ თავდასხმას უკრაინის ყურადღება გადააქვს ფრონტის სხვა მონაკვეთებიდან, აღნიშნავს აქსიონოვი.

რუსი ექსპერტი, ალექსეი ლეონოვი ეუბნება სახელისუფლებო მედია „იზვესტიას“, რომ ავდიივკა აღმოსავლეთ ფრონტზე უკრაინელთა პირველი თავდაცვითი ხაზის საკვანძო ნაწილია.

წითლად – რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია, რომელშიც „შეჭრილია“ ავდიივკა. წყარო: Deep State Map

რაში მდგომარეობს რუსეთის გეგმა?

2014 წლიდან მოყოლებული, ავდიივკაში უკრაინულმა ძალებმა თავდაცვითი ნაგებობები ააგეს, ხოლო დაბომბვის შედეგად ქალაქის დიდი ნაწილი ნანგრევებითაა მოცული, რაც პირდაპირ მის შტურმს საკმაოდ ართულებს.

ამის ნაცვლად, რუსული მედიის ცნობითა და დასავლელი ექსპერტების შეფასებით, რუსული ძალები ცდილობენ, ფლანგებიდან შემოუარონ ავდიივკას და ქალაქი, იქ განლაგებულ უკრაინელ სამხედროებთან ერთად, ალყაში მოაქციონ, ან მომარაგების ხაზები გადაუჭრან. მომარაგების გარეშე ობიექტის კონტროლი რთული იქნება, განსაკუთრებით გრძელვადიან პერსპექტივაში.

რა ვითარებაა ახლა?

ომის შესწავლის ინსტიტუტის“ [ISW] და ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, ასევე, რიგი რუსი „ვოენკორების“ [სამხედრო კორესპონდენტების] აღიარებით, თავდაპირველი წინსვლის შემდეგ, რუსული ძალების წინსვლა ახლა ან შეჩერებულია, ან მცირეა.

„მორჩა, გავიჭედეთ, წინსვლა აღარ შეგვიძლია. [..] დაგვეხმარეთ! ჯერ [დაკავებულ] პოზიციებს ვიჭერთ, მაგრამ რთულია, ძალიან რთული. [..] ვიცი, ყველა გამარჯვების ცნობებს ელის, მაგრამ სურათი ცოტა სხვანაირია“, – წერს „ვოჟაკ Z“.

წინსვლის შენელება-შეჩერებასთან ერთად, იცვლება რუსული მხარის მესიჯბოქსიც: თუკი 13 ოქტომბერს სახელისუფლებო მედიის, „ტვ-ცენტრის“ სტატიაში უკრაინის პრობლემებზე და ავდიივკაში მიღწეულ წარმატებებზე ვკითხულობდით, უკვე 15 ოქტომბერს ვლადიმერ პუტინი აცხადებდა რუსული ძალების „აქტიურ თავდაცვაზე“ და „ცალკეულ მონაკვეთებზე [ჯარის მიერ თავისი] მდგომარეობის გაუმჯობესებაზე“.

ამასთან ერთად, უკრაინული მხარე იუწყება რუსეთის დიდ დანაკარგებზე. 14 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს, რომ ხუთ დღეში რუსეთმა დაკარგა ტექნიკის 300 ერთეულზე მეტი და 3000 ჯარისკაცი.

მასალების გადაბეჭდვის წესი