ონი-ამბროლაურის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა აღდგა, თუმცა საპროტეტესო აქციები გაგრძელდება დავით ხიდაშელის კომპანიისთვის ტყის განკარგვის ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით. 

როგორც საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, გადაკეტილი გზის გახსნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პრემიერ-მინისტრის რწმუნებული დაუკავშირდა და პარასკევს შეხვედრა აღუთქვა:

“არც უნდა დაგვჭირვებოდა ამხელა პროტესტი და გზაზე გაწოლა იმისათვის, რომ ამ შეხვედრისთვის მიგვეღწია”, – უთხრა მან “ნეტგაზეთს”. მისი თქმით, პროტესტის მონაწილეები პარასკევს შეხვდებიან გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. 

როგორც გოლეთიანმა “ნეტგაზეთს” უთხრა, ონი-ამბროლაურის საავტომობილო გზის მონაკვეთი დაახლოებით 7 საათის მანძილზე იყო გადაკეტილი, თუმცა პროტესტის მონაწილეები სასწრაფო დახმარების მანქანებს ატარებდნენ. ამჟამად მოძრაობა ყველასთვის აღდგენილია. 

პარასკევამდე აქცია გაგრძელდება ონის მერიასთან, სადაც აქციის ორგანიზატორებს კარავი 27 სექტემბრიდან  აქვთ გაშლილი.