ონში გზა გადაკეტეს დავით ხიდაშელის კომპანიისთვის ტყის განკარგვის ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით. ამ დროისთვის შეჩერებულია სამანქანო მოძრაობა ონისა და ამბროლაურის დამაკავშირებელ გზაზე.
დღეს აქცია ონის მერიასთან 12 საათზე განახლდა და პროტესტს ჭიათურელი მაღაროელებიც შეუერთდნენ. როგორც აქციის მონაწილეები აანონსებენ, ყოველ სამუშაო დღეს ონის მერიასთან ხმაურს არ შეწყვეტენ. პროტესტი გზის გადაკეტვით გრძელდება.
მას შემდეგ, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა არ შედგა, აქციამ ონის მერიიდან მსვლელობით გადაინაცვლა ონი-ამბროლაურის დამაკავშირებელი გზისკენ. სავალი ნაწილი გადაიკეტა. გზის გადაკეტვას არაერთხელ მოჰყვა ფიზიკური შეხლა-შემოხლა პოლიციის წარმომადგენლებთან, თუმცა პოლიციამ აქციის მონაწილეებს გზის გახსნა ვერ აიძულა.
პროტესტის ინიციატორებსა და მონაწილეებს ამ დროისთვის მხოლოდ ერთი მოთხოვნა აქვთ, რაჭის, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ დაზუსტებით აცნობოს მათ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან საჯარო შეხვედრის თარიღი.
პროტესტი 27 სექტემბრიდან მიმდინარეობს.
