ახალი ამბები

ზურაბიშვილი, ამერიკული ტერმინი რომ გამოვიყენოთ, ე.წ. კოჭლ იხვად დარჩება – კობახიძე

16 ოქტომბერი, 2023 • 1069
ზურაბიშვილი, ამერიკული ტერმინი რომ გამოვიყენოთ, ე.წ. კოჭლ იხვად დარჩება – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს „ელემენტარული ღირსება“ რომ ჰქონდეს შერჩენილი, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადგენის შემდეგ, პრეზიდენტის თანამდებობიდან მყისიერად გადადგებოდა.

„თუმცა ისიც გვესმის, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში და ის ვერც გადადგომის გადაწყვეტილებას მიიღებს იმ ძალების თანხმობის გარეშე, რომლებიც მას საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევისკენ უბიძგებდნენ“, – განაცხადა კობახიძემ.

როგორც კობახიძე ამბობს, ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს კენჭს მიმდინარე კვირაში უყრიან.

ამასთან, კობახიძემ კვლავ გაიმეორა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის 100 ხმის მოგროვების შანსი „პრაქტიკულად არ არსებობს“.

„თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატს მაინც აღმოაჩნდება საკმარისი პატრიოტიზმი ან პროფესიული ღირსება, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ წასვლა რეაგირების გარეშე არ დატოვოს.

როგორც არ უნდა დასრულდეს იმპიჩმენტის პროცედურა, ჩვენ უკვე მივაღწიეთ დასახულ მიზანს – სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა არ დარჩა რეაგირების გარეშე, რასაც მმართველობის სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის გრძელვადიანი პრევენციული ეფექტი ექნება“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, დღეიდან კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი მხოლოდ ფორმალურად განიხილება პრეზიდენტად.

„საპრეზიდენტო უფლებამოსილების ბოლო, მეექვსე წელს ის სრულად იქნება მოკლებული პოლიტიკურ და მორალურ ლეგიტიმაციას და დარჩება, ამერიკული ტერმინოლიგია რომ გამოვიყენოთ, ე.წ. კოჭლ იხვად, რომელიც უფსკრულისკენ მიმავალ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არის ადევნებული“, – განაცხადა კობახიძემ.


საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს, 16 ოქტომბერს, გამოცხადდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს სასამართლოს დასვნას, რომლითაც პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად ცნეს, მხარი საკონსტიტუციოს 9 მოსამართლიდან 6-მა დაუჭირა. მოსამართლეები, რომლებმაც განსხვავებული  მოსაზრება დააფიქსირეს, არიან: ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში.

პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს “ქართული ოცნების” დეპუტატებმა მიმართეს. მათ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა აქვთ წამოწყებული. თავად პრეზიდენტის პოზიციაა, რომ უცხოეთში ვიზიტებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საქმეში მხარდაჭერის მოსაპოვებლად მართავს.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ახლა პროცესები პარლამენტში უნდა გაგრძელდეს. იმპიჩმენტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს, სადაც ამისათვის 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. “ქართულ ოცნებას” და მის მოკავშირეებს ამ ეტაპზე 100 მანდატი არ აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი