ახალი ამბები

საპარლამენტო არჩევნები პოლონეთში – მარტივი გზამკვლევი

14 ოქტომბერი, 2023 •
საპარლამენტო არჩევნები პოლონეთში – მარტივი გზამკვლევი

ხვალ, 15 ოქტომბერს, პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

ერთამენთს ორი ძირითადი პოლიტიკური ძალა უპირისპირდება – მმართველი „კანონი და სამართალი“, რომელიც მესამე ვადით შეეცდება ხელისუფლების შენარჩუნებას, და ყოფილი პრემიერისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის კოალიცია.

„გარდიანის“ ცნობით, ხვალინდელი არჩევნებისთვის ჩატარებული გამოკითხვები დიდ უპირატესობას არც ერთ მხარეს არ ანიჭებს. სავარაუდოდ, გამარჯვებულს, ვინც არ უნდა იყოს, სხვა, მცირე პარტიებთან მოუწევს კოალიციის ფორმირება.

არჩევნებში პოლონელები ორპალატიანი პარლამენტის წევრებს აირჩევენ – ქვედა პალატის 460 წევრს და ზედა პალატის 100 წევრს. არჩევნებთან ერთად ჩატარდება მმართველი ძალის მიერ ინიცირებული რეფერენდუმი მიგრანტების მიღების, საპენსიო ასაკის ზრდის და სხვა საკითხების შესახებ.

რა განასხვავებს ორ ძირითად ძალას?

ძირითადი განსხვავებები სოციალურ პოლიტიკაში მდგომარეობს. „კანონი და სამართალი“, რომელიც 2015 წლიდანაა პოლონეთის ხელისუფლებაში, ულტრაკონსერვატიულ პოზიციებზე დგას – მისი მმართველობის დროს პოლონეთში, ფაქტობრივად, აიკრძალა აბორტები. პარტიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამული ასპექტი „ტრადიციული ღირებულებების“ დაცვაცაა. ტუსკის კოალიცია ამომრჩეველს კი აბორტის შემზღუდავი კანონმდებლობის შერბილებას და ლგბტქ+ თემის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას ჰპირდება.

საგარეო ურთიერთობებს რაც შეეხება, მთავარი სხვაობა ევროკავშირთან ურთიერთობებშია – ამჟამინდელ ხელისუფლებას ბრიუსელთან დაძაბული ურთიერთობები აქვს, ხოლო ტუსკის დაპირება მათი გაუმჯობესებაა. თუმცა, შესაძლო კოალიციაში შემავალმა სუბიექტებმა შეიძლება შეცვალონ პოლიტიკა უკრაინის მიმართ.

ვინ და ვისთან შეიძლება შევიდეს კოალიციაში?

ორი ძირითადი ძალის გარდა, პარლამენტში შესასვლელი ბარიერის [ხმათა 8%] გადალახვის შანსი კიდევ რამდენიმეს აქვს. „როიტერსის“ ცნობით, ესენია:

  • „მესამე გზა“ – ორი პარტიის მემარჯვენე-ცენტრისტული ალიანსი, რომელიც თავს ორი მთავარი პარტიის ალტერნატივად წარადგენს. მათი პროგრამის ძირითადი ასპექტებია საგადასახადო სისტემის გამარტივება, მცირე ბიზნესის დახმარება და განათლებაზე მეტი სახსრების გამოყოფა;
  • „ახალი მემარცხენეები“, რომელთა პროგრამაც მოიცავს შრომითი კანონმდებლობის ცვლილებებს, პროფკავშირების გაძლიერებას, თანდათანობით 35-საათიანი სამუშაო კვირის შემოღებას, 35-დღიან შვებულებას, ქალების უფლებებისთვის ბრძოლას, აბორტის შეზღუდვის შემსუბუქებას და ლგბქტ+ თემის უფლებების დაცვას. ისინი შეიძლება, კოალიციაში შევიდნენ ტუსკის ალიანსთან.
  • „კონფედერაცია“ – მემარჯვენეთა პარტია, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას ეწინააღმდეგება, 15 სახის გადასახადის გაუქმებას აპირებს და ამომრჩეველს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლას ჰპირდება. პარტიის ლიდერმა, სლავომირ მენცენმა მათი მხარდაჭერები აღწერა, როგორც ხალხი, ვისაც „არ სურს ებრაელები, ჰომოსექსუალები, აბორტები, გადასახადები და ევროკავშირი“.

რა შედეგებს უნდა ველოდოთ?

„რიტორიკა არჩევნების ირგვლივ ხშირად ეგზისტენციალური ხასიათისაა, ამომრჩევლები ხმას აძლევენ არა მარტო კონკრეტული საკითხების – მიგრაციის, აბორტების და ეკონომიკის გამო, არამედ იმის გამოსარკვევად, თუ როგორ ქვეყნად ყოფნა სურს პოლონეთს“, – წერს „ვაშინგტონ პოსტი“. ქვეყნის მომავლისთვის არჩევნების გადამწყვეტ მნიშვნელობაზე საუბრობენ ძირითადი პარტიების ლიდერებიც.

ბოლო დღეებში ჩატარებული კვლევების თანახმად, პირველ ადგილს იკავებს „კანონი და სამართალი“, თუმცა მას არ ეყოფა ხმები მთავრობის მარტო ფორმირებისთვის და კოალიციაში პარტნიორები დასჭირდება. სავარაუდოდ, ეს სწორედ „კონფედერაცია“ იქნება. ტუსკის „სამოქალაქო ალიანსის“ პარტნიორებად „მესამე გზა“ და „ახალი მემარცხენეები“ მოიაზრებიან.

უახლესი Opinia24/”GW”-ის გამოკითხვის თანახმად, ხმები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • „კანონი და სამართალი“ – 32%
  • „სამოქალაქო ალიანსი“ – 27,5%
  • „ახალი მემარცხენეები“ – 7,9%
  • „მესამე გზა“ – 11,2%
  • „კონფედერაცია“ – 8,8%
  • უპარტიო აქტივისტები – 3,9%
  • სხვები – 0,6%
  • არ ვიცი – 8,1%

არჩევნების შედეგის პირველი კონტურები კვირა დღის ბოლოსკენ უნდა გამოვლინდეს.


გარეკანის ფოტო: © BBC

მასალების გადაბეჭდვის წესი