ახალი ამბები

სამხრეთ ლიბანში დაბომბვას როიტერის ვიდეოოპერატორი ემსხვერპლა

13 ოქტომბერი, 2023 • 2262
სამხრეთ ლიბანში დაბომბვას როიტერის ვიდეოოპერატორი ემსხვერპლა

სამხრთეთ ლიბანში დაბომბვებს როიტერის ვიდეოოპერატორი ემსხვერპლა.

როიტერის განცხადებით, ისინი დამატებით ცნობებს ელიან ოფიციალური უწყებებისგან და ღრმა მწუხარებას გამოხატავენ ისამ აბდალას დაღუპვის გამო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაჭრილია სხვა რამდენიმე ჟურნალისტიც.

სამხრეთ ლიბანი ისრაელს ესაზღვრება. ლიბანში ოპერირებს ჰეზბოლა. ჰამასის მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის პარალელურად, ადგილობრივი მედიის ცნობით, ისრაელს ცეცხლით უტევენ ჰეზბოლას მებრძოლებიც. ჰეზბოლას პოზიციებს ბომბავს ისრაელიც.

7 ოქტომბრის დილით ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელზე მასშტაბური შეტევა დაიწყეს – ქალაქებს დაუშინეს რაკეტები, ისრაელის ტერიტორიაზეც შეიჭრნენ. მათ დახოცეს როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე — სამხედროები, მძევლად აიყვანეს და ღაზის სექტორისკენ გაიტაცეს 150-მდე ადამიანი, მათ შორის, მოხუცები, ქალები და ბავშვები, ფაქტების ამსახველი ვიდეოები კი სოციალური ქსელებით გაავრცელეს.

ისრაელმა საპასუხოდ ღაზის სექტორზე საჰაერო დარტყმები დაიწყო და სავარაუდოდ, მალე სახმელეთო ოპერაციასაც წამოიწყებს.

13 ოქტომბრის მონაცემებით, „ჰამასის“ თავდასხმას ისრაელში 1300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ღაზაში საპასუხო იერიშებს — 1400-ზე მეტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი