ისრაელის არმია ღაზის სექტორში ლოკალურ რეიდებს ახორციელებს. ამის შესახებ განცხადება ისრაელის თავდაცვის უწყებამ გაავრცელა.
ისრაელის განცხადებით რეიდების მიზანი არის ჰამასის მიერ გატაცებული ისრაელელი მძევლების მოძებნა და სამხილების შეგროვება.
ისრაელმა გაეროს მიმართა და 24 საათში ღაზის ჩრდილოეთ ნაწილიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოითხოვა. საუბარია დაახლოებით 1.1 მილიონ ადამიანზე, რაც ღაზის მოსახლეობის თითქმის ნახევარია. ისრაელის განცხადებით, მოსახლეობა სექტორის ჩრდილოეთ ნაწილიდან სამხრეთში უნდა გადავიდეს.
7 ოქტომბრის დილით ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელზე მასშტაბური შეტევა დაიწყეს – ქალაქებს დაუშინეს რაკეტები, ისრაელის ტერიტორიაზეც შეიჭრნენ. მათ დახოცეს როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე — სამხედროები, მძევლად აიყვანეს და ღაზის სექტორისკენ გაიტაცეს 150-მდე ადამიანი, მათ შორის, მოხუცები, ქალები და ბავშვები, ფაქტების ამსახველი ვიდეოები კი სოციალური ქსელებით გაავრცელეს.
ისრაელმა საპასუხოდ ღაზის სექტორზე დარტყმები დაიწყო და ,სავარაუდოდ, მალე სახმელეთო ოპერაციასაც წამოიწყებს.
13 ოქტომბრის მონაცემებით, „ჰამასის“ თავდასხმას ისრაელში 1300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ღაზაში საპასუხო იერიშებს — 1400-ზე მეტი.