ახალი ამბები

ენტონი ბლინკენი პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს შეხვდა

13 ოქტომბერი, 2023 • 2587
ენტონი ბლინკენი პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იორდანიის დედაქალაქ ამანში პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს შეხვდა. „ენ-ბი-სის“ ცნობით, მათ განიხილეს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმა და იერუსალიმის საპასუხო ზომები. ბლინკენი აგრეთვე შეხვდა იორდანიის მეფე აბდულა მეორეს, რომელიც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებში ხშირად ასრულებს შუამავლის როლს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ „ჰამასი არ წარმოადგენს პალესტინელი ხალხის ღირსებისა და თვითგამორკვევის უფლებას და განიხილება გზები ღაზის სამოქალაქო მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მაშინ, როცა ისრაელი ლეგიტიმურ ოპერაციებს ატარებს ტერორისტებისგან თავდაცვისთვის“.

როგორც თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილემ, ჯონ ფაინერმა აღნიშნა, ბლინკენის სურვილია, აცნობოს აბასს, რომ მის მიერ კონტროლირებად დასავლეთ სანაპიროზე სიმშვიდის შენარჩუნება ისრაელისა და პალესტინელების ინტერესებშია.

მაჰმუდ აბასი და მისი მოძრაობა „ფათაჰი“ პალესტინელებით დასახლებულ მდინარე იორდანის დასავლეთ სანაპიროს აკონტროლებს, ხოლო ღაზის სექტროში „ჰამასის“ მოწინააღმდეგედ ითვლება.


7 ოქტომბრის დილით ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელზე მასშტაბური შეტევა დაიწყეს – ქალაქებს დაუშინეს რაკეტები, ისრაელის ტერიტორიაზეც შეიჭრნენ. მათ დახოცეს როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე — სამხედროები, მძევლად აიყვანეს მოხუცები, ქალები და ბავშვებიც, ფაქტების ამსახველი ვიდეოები კი სოციალური ქსელებით გაავრცელეს. მძევლად აყვანილთა საშუალო რაოდენობა 150-ზე მეტი შეიძლება იყოს.

ისრაელმა საპასუხოდ ღაზის სექტორზე დარტყმები დაიწყო და ,სავარაუდოდ, მალე სახმელეთო ოპერაციასაც წამოიწყებს.

13 ოქტომბრის მონაცემებით, „ჰამასის“ თავდასხმას ისრაელში 1400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ღაზაში საპასუხო იერიშებს — 1500-ზე მეტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი