ახალი ამბები

პუტინმა საქართველო დსთ-ს წევრად განიხილა, თუმცა 14 წელია, ეს ასე აღარაა

13 ოქტომბერი, 2023 •
პუტინმა საქართველო დსთ-ს წევრად განიხილა, თუმცა 14 წელია, ეს ასე აღარაა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის [დსთ] წევრების ლიდერების შეხვედრაზე საქართველო ორგანიზაციის წევრ ქვეყანად მიიჩნია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ დსთ 2009 წელს დატოვა.

პუტინმა აღნიშნა, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ორგანიზაციის ფორმატში არ მუშაობენ.

„საქართველო და უკრაინა, რომლებიც ირიცხებიან დსთ-ში, არ მუშაობენ ამ ფორმატში, ხოლო მოლდოვამ პრაქტიკულად დაკარგა თავისი იდენტობა, მაგრამ ეს მათი არჩევანია“, – ციტირებს რუსეთის პრეზიდენტს „რია ნოვოსტი“.

დსთ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სსრკი-ს ერთგვარი მემკვიდრე გახდა და ყოფილი რესპუბლიკების დიდი ნაწილი გააერთიანა, ბალტიის ქვეყნებისა და თურქმენეთის გარდა.

საქართველო დსთ-ში აფხაზეთის ომის შემდეგ, 1993 წელს გაწევრიანდა, ხოლო ორგანიზაცია სრულად დატოვა 2009 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ. უკრაინამაც 2018 წელს დატოვა დსთ, მოლდოვაში კი ამ მიმართულებით უკვე აქვთ დაწყებული მუშაობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი