მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მიერ 19 სექტემბერს დაწყებული “სპეცოპერაციის” შემდეგ, ყარაბაღში განთავსებული რუსი სამშვიდობოების 21 პუნქტი [6 სადამკვირვებლო და 15 დროებითი] მუშაობას წყვეტს და რუსული სამშვიდობო კონტინგენტის სამომავლო მოქმედებები ბაქოსთან იქნება განხილული. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
რუსული სამშვიდობო კონტინგენტი 2020 წლის ყარაბაღის 44- დღიანი ომის შემდეგ, ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით, ასკერანის, მარტაკერტისა და შუშის რაიონებში განთავსდა.
მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებდა და 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ქვეშ იყო, აზერბაიჯანმა “ანტიტერორისტული ოპერაციის” მოტივით 19 სექტემბერს შეტევა დაიწყო.
დე ფაქტო რესპუბლიკის ცნობით, დაღუპულია, სულ მცირე, 200 ადამიანი, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობა, და დაჭრილია 400-ზე მეტი მოქალაქე.
20 სექტემბერს დე ფაქტო ყარაბაღის რესპუბლიკამ მიიღო რუსი მშვიდობისმყოფელების წინადადება ცეცხლის შეწყვეტასა და საბრძოლო შენაერთების განიარაღებაზე, რაც ბაქომ აზერბაიჯანის მორიგ ტრიუმფად და ყარაბაღის კაპიტულაციად გამოაცხადა. ამასთან, აზერბაიჯანმა ყარაბაღელი სომხების რეინტეგრაციის გეგმასა და მშვიდობიან თანაცხოვრებაზე დაიწყო საუბარი, თუმცა, ყარაბაღელი სომხები აზერბაიჯანის ხელისუფლების კონტროლქვეშ ცხოვრებაზე უარს ამბობენ და სომხეთში, იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსით გადადიან საცხოვრებლად. ამ მოვლენებამდე ყარაბაღში 120 ათასი ეთნიკურად სომეხი ადამიანი ცხოვრობდა. 19 სექტემბრის შემდეგ, ოფიციალური მონაცემით 100 ათასზე მეტი ეთნიკურად სომეხი საცხოვრებლად სომხეთში გადავიდა.