„მსოფლიოს მოუყევით, რაც აქ ნახეთ“ – უთქვამს ისრაელის თავდაცვის ძალების [ცაჰალი] ჯარისკაცს საერთაშორისო მედიის ჟურნალისტებისთვის.
ისინი ღაზის სექტორის საზღვართან მდებარე კფარ აზას კიბუცში [სასოფლო-სამეურნეო დასახლება] ტერორისტული დაჯგუფება„ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ მიიყვანეს.
„დამწვარი და გაძარცვული სახლები“, „გვამები მთელ სოფელში“, „აუფეთქებელი ყუმბარები“, „სრული საშინელება“, – ასე აღწერენ ნანახს „ბი-ბი-სის“, „სი-ენ-ენის“, „ალ-ჯაზირასა“ და სხვა საერთაშორისო მედიასაშუალებების ჟურნალისტები.
„არავინ ელოდა დაცვის გარღვევას“
ღაზის სექტორი, რომელსაც 2007 წლიდან ისლამისტური დაჯგუფება „ჰამასი“ აკონტროლებს, სულ რაღაც ორი კილომეტრითაა დაშორებული კფარ აზას კიბუცისგან. თუმცა ღაზასა და ისრაელს ერთმანეთისგან ფიზიკური ბარიერები და ცაჰალის დანაყოფები აშორებს. ამისდა მიუხედავად, „ჰამასმა“ მოულოდნელად მოახერხა დაცვის გარღვევა. როგორ და რატომ მოხდა ეს – ჯერ კიდევ გასარკვევია.
„არავინ, არც კფარ აზაში ან სადმე სხვაგან ისრაელში, არ ელოდა, რომ „ჰამასი“ ისრაელის დაცვას გაარღვევდა და ამდენ ადამიანს მოკლავდა“, – აღნიშნავს „ბი-ბი-სი“.
„ჰამასის“ მებრძოლები კვეთენ საზღვარს, ფოტო ვიდეოკამერის ჩანაწერიდან / © CNN
„ჰამასსა“ და ცაჰალს შორის რეგულარული მცირე შეტაკებების და სარაკეტო დარტყმების საფრთხის ფონზე, ასეთ კიბუცებში უსაფრთხოების ზომები აქვთ მიღებული – ბეტონის თავშესაფრები სახლებში, გამაგრებული ოთახები, ზოგან არსებობს კიბუცის გვარდიაც – სამხედრო გამოცდილების მქონე მცხოვრებლებისგან შემდგარი ჯგუფები.
თუმცა ასეთი თავშესაფრების მიზანი დაბომბვისგან თავდაცვაა და არა — სახლებში შეჭრილი მტრისგან. თანაც, თავშესაფრის კარები არ იკეტება უსაფრთხოების ზომების გამო.
„კარდაკარ დადიოდნენ“
ღაზის სექტორიდან სულ რაღაც რამდენიმე კილომეტრში, კფარ აზას გარდა, ბეერის კიბუციც მდებარეობს. იქ „ჰამასის“ მებრძოლები „როგორც წესი, კარგად დაცული“ სასაზღვრო პუნქტის გადაკვეთიდან ნახევარ საათში ჩავიდნენ – „შემდეგ ხოცვა-ჟლეტვა იყო“, აღნიშნავს „სი-ენ-ენი“.
ბეერის კიბუცში შესვლის შემდეგ ცაჰალის ჯარისკაცებმა ასზე მეტი ცხედარი აღმოაჩინეს – მათი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. „სი-ენ-ენის“ მოპოვებული ვიდეოკადრების თანახმად, კიბუცის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, საავტომობილო გზაზე, „ჰამასის“ მებრძოლებს მანქანიდან სამი ცხედარი გადმოჰქონდათ.
გადარჩენილმა ადგილობრივებმა უთხრეს მედიას, რომ „ჰამასის“ მებრძოლები უშუალოდ კიბუცში კარდაკარ დადიოდნენ და მათ სახლებში შეღწევას ცდილობდნენ. ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ბეერიზე „ძალიან სერიოზული თავდასხმა განხორციელდა“.
„გვეგონა, [კიბუციდან ევაკუირებულთათვის] მეტი საცხოვრებელი დაგვჭირდებოდა. ამ დროს, [მათი განთავსებისთვის გამოყოფილი] ყველა ოთახი არც კი დაგვჭირდა“, – უთხრა „სი-ენ-ენს“ ცაჰალის პრესსპიკერმა რიჩარდ ჰეხტმა.
„ცხედრები მთელ სოფელში“
„ცხედრები მთელ სოფელში. ბევრი სამოქალაქო პირის ცხედარი, ბევრი მათსავე სახლებში, სადაც მოკლეს“, – ასე აღწერს კფარ აზაში ნანახს „ალ-ჯაზირას“ ჟურნალისტი ჩარლზ სტრატფორდი. იქამდე, „ჰამასს“ კიბუცის გვარდია აღუდგა წინ, თუმცა ისინი ბრძოლაში დაიღუპნენ.
„შოკის მომგვრელია, ცხედრები და მათი ნივთები მათსავე ეზოებში ეყარა. ზოგან, ეზოში აფეთქების ძალამ სახლიდან გამოაგდო“, – წერს ჟურნალისტი.
სტრატფორდი ამატებს, რომ გადარჩენილთა შორის ნელ-ნელა იცვლება განწყობები:
„სრული შოკით დაიწყო, შემდეგ ზიზღით შეიცვალა, ახლა კი სულ უფრო გადადის ბრაზში. ისრაელელებმა ნახეს გატაცებული მოხუცებისა და ბავშვების ფოტოები, ნახეს ცხედრები“, – აღნიშნავს იგი.
„ჰამასის“ თავდასხმიდან თორმეტი საათის შემდეგ დაიბრუნა დასახლება ცაჰალმა. ჯარისკაცბი, რომლებიც ნანგრევებში ცხედრებს ეძებენ, მომხდარს ხოცვა-ჟლეტვას უწოდებენ.
ცელოფნის ქვეშ „ჰამასის“ მიერ მოკლული ერთ-ერთი მოქალაქის ცხედარია. ფოტო © Muhammad Darwish/CNN
„ასეთი არაფერი მინახავს. 40 წელია ჯარში ვმსახურობ და ასეთს ვერაფერს წარმოვიდგენდი. ბავშვობაში გამიგია ევროპაში მომხდარ პოგრომებზე, ჰოლოკოსტზე. მთელი ჩემი ოჯახი ევროპიდანაა, ისინი ჰოლოკოსტს გადაურჩნენ. და მაინც, არ წარმომედგინა, რომ ასეთ რამეს ვიხილავდი.
ვნახე ასობით ტერორისტი შეიარაღებით და სრული ეკიპირებით, შესაძლებლობით, მოაწყონ ხოცვა- ჟლეტა, სახლიდან სახლამდე და ოთახიდან ოთახამდე იარონ და დახოცონ ბავშვები, დედები, მამები“, – უთხრა „სი-ენ-ენ“-ს გენერალ-მაიორმა იტაი ვერუვმა.
გარეკანის ფოტოზე: ერთ-ერთი განადგურებული სახლი კიბუცში. © OREN ROSENFELD/BBC