ახალი ამბები

თაღლითურ სქემაში მონაწილეობის ბრალდებით ნოტარიუსები დააკავეს

11 ოქტომბერი, 2023 • 1967
თაღლითურ სქემაში მონაწილეობის ბრალდებით ნოტარიუსები დააკავეს

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, დიდი ოდენობის თანხის მოტყუებით დაუფლებაში დახმარების ბრალდებით ორი ნოტარიუსი და ნოტარიუსის თანაშემწე დააკავეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ნოტარიუსები და ნოტარიუსის თანაშემწე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ეხმარებოდნენ ბინების დაგირავებით დაინტერესებული პირების თანხის მოტყუებით დაუფლებაში, რომლებიც დაზარალებულებს მაკლერებად ეცნობებოდნენ. პროკურატურის თქმით, ისინი ბინის მესაკუთრეებად და ხელშეკრულების მხარედ ამავე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს აცნობდნენ, ხოლო ნდობის მოპოვების მიზნით, ხელშეკრულებებს ბრალდებულებთან ნოტარიულად ამოწმებდნენ.

„ნოტარიუსებმა და ნოტარიუსის თანაშემწემ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისთვის დახმარების მიზნით, სანოტარო მოქმედების შესრულებისას დაზარალებულებს არ განუმარტეს სანოტარო მოქმედების შინაარსი და სამართლებრივი შედეგები. ბრალდებულებმა დაზარალებულ 94 პირს სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების ნაცვლად, რომლითაც მოწესრიგებული იქნებოდა ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში დაზარალებულთა საკუთრებაში ბინის გადაცემის საკითხი, მოტყუებით სესხის ხელშეკრულებები გაუფორმეს. ნოტარიუსები თითოეული ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისგან გარკვეულ თანხას იღებდნენ“ ,— ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების განცხადებით, ნოტარიუსები თითოეული ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისგან გარკვეულ თანხას იღებდნენ. პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, ნოტარიუსების დახმარებით, 94 დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით, 2 686 700 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ:

„დაკავებულებს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარების ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. რაც შეეხება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, მათ სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე წარდგენილი აქვთ ბრალდება და მიმდინარეობს გამოძიება“ ,— აცხადებენ პროკურატურაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი