ახალი ამბები

„პლეიბოიმ“ ჰამასის მხარდაჭერის გამო მია ხალიფას კონტრაქტი გაუწყვიტა

10 ოქტომბერი, 2023 • 4530
„პლეიბოიმ“ ჰამასის მხარდაჭერის გამო მია ხალიფას კონტრაქტი გაუწყვიტა

ჟურნალმა „პლეიბოიმ“ ყოფილ პორნოვარსკვლავ მია ხალიფასთან კონტრაქტი გაწყვიტა, მიზეზად კი დაასახელა ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მხარდაჭერა.

„ბოლო დღეების განმავლობაში მიამ გააკეთა ამაზრზენი კომენტარები „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმასთან და უდანაშაულო კაცების, ქალებისა და ბავშვების მკვლელობების შესახებ“, — განაცხადა „პლეიბოიმ“. საერთაშორისო მედიის ცნობით, „პლეიბოიმ“ ვებსაიტიდან ხალიფასთან დაკავშირებული კონტენტი სრულად წაშალა.

„ჰამასი“ ისრაელეთა მკვლელობისა და გატაცების ამსახველ ფოტო-ვიდეომასალებს ინტერნეტით ავრცელებდა, რა დროსაც მია ხალიფამ დაპოსტა:

„ვინმეს შეუძლია თავისუფლებისთვის მებრძოლებს უთხრას, თავიანთი ტელეფონები ამოაყირავონ და ჰორიზონტალურად გადაიღონ.“

მოგვიანებით მან ასევე დაწერა, რომ სჯერა, აუცილებლად იქნება 4k ხარისხის ვიდეოები, სადაც მისი ხალხის მიერ „ციხის კედლების მტვრევა იქნება ასახული“.

თავად მია ხალიფა წლების წინ ტერორისტული დაჯგუფება ISIS-ის სამიზნე იყო პორნოინდუსტრიაში მისი საქმიანობის გამო.

ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ ისრაელში 7 ოქტომბერს შეიჭრა და განურჩევლად დახოცა მშვიდობიანი მოსახლეობა და სამხედროები, სისასტიკის ამსახველი ვიდეოები კი თავად გაავრცელეს. დაღუპულთა რაოდენობამ ისრაელში 900-ს გადააჭარბა, დაჭრილია 2400-მდე ადამიანი.

700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ღაზის სექტორში ისრაელის საპასუხო ავიადარტყმებს, რასაც ასევე დაემატა ღაზის სექტორის სრული ბლოკადა. ისრაელმა თავის მიზნად „ჰამასის “ სრული განადგურება დაასახელა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი