ახალი ამბები

კიევი: რუსეთმა უკრაინის დისკრედიტაციისთვის დასავლური ტექნიკა „ჰამასს“ გადასცა

9 ოქტომბერი, 2023 •
კიევი: რუსეთმა უკრაინის დისკრედიტაციისთვის დასავლური ტექნიკა „ჰამასს“ გადასცა

უკრაინაში ხელთ ჩაგდებული დასავლური ტექნიკა მოსკოვმა „ჰამასს“ გადასცა, აცხადებენ უკრაინის მთავარ სადაზვერვო სამმართველოში. უწყების ცნობით, მოსკოვის მიზანი ამით უკრაინის დისკრედიტაციაა.

„აგრესორი სახელმწიფო რუსეთი ისრაელზე „ჰამასის“ ტერორისტების თავდასხმას უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი პროვოკაციისთვის იყენებს.

რუსულმა დაზვერვამ უკვე გადასცა „ჰამასის“ ტერორისტებს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროს ხელთ ჩაგდებული დასავლური ტექნიკა.

შემდეგი ნაბიჯი, რუსების გეგმით, უნდა იყოს უკრაინელი სამხედროების დადანაშაულება, თითქოს ისინი რეგულარულად ყიდიან დასავლურ იარაღს ტერორისტებზე“, – ციტირებს უწყებას „უკრაინსკა პრავდა“.

კიევის განცხადებითვე, ეს „ფეიკები“ დასავლურ მედიაში რიგი „გამოძიებისა“ და „გამოსააშკარავებელი მასალის“ საფუძველი შეიძლება გახდეს.

გარეკანის ფოტოზე: გერმანული ტანკი „ლეოპარდი“, რომელიც უკრაინამ დასავლელი მოკავშირეებისგან მიიღო


7 ოქტომბრის დილით ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელზე მასშტაბური შეტევა დაიწყეს – ქალაქებს დაუშინეს რაკეტები, ისრაელის ტერიტორიაზეც შეიჭრნენ. მათ დახოცეს როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე — სამხედროები, მძევლად აიყვანეს მოხუცები, ქალები და ბავშვებიც, ფაქტების ამსახველი ვიდეოები კი სოციალური ქსელებით გაავრცელეს.ისრაელმა საპასუხო სარაკეტო დარტყმები განახორციელა ღაზის სექტორზე, შედეგად, 500-მდე პალესტინელი დაიღუპა, 2300-მდე კი დაშავდა. მედიის ცნობით, 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ისრაელის მხარეს, ღაზის სექტორიდან მოულოდნელი თავდასხმის შედეგად. დაღუპულთა შორის, სულ მცირე, ორი ქართველი ებრაელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი