ახალი ამბები

შეხვედრა სამხრეთ კორეის წარმომადგენელთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობაზე

7 ოქტომბერი, 2023 • 1344
შეხვედრა სამხრეთ კორეის წარმომადგენელთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამხრეთ კორეის სავაჭრო და სამრეწველო პალატისა და SK ჯგუფის თავმჯდომარეს თავმჯდომარესთან, ტე-ვონ ჩესთან ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების პერსპექტივა განიხილა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

შეხვედრა 7 ოქტომბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ღარიბაშვილმა და ტე-ვონ ჩემ ასევე იმსჯელეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, ენერგეტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის საკითხებზე; განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და კორეას თანამშრომლობის გაღრმავების დიდი პოტენციალი აქვთ და ხაზი გაუსვა არსებული შესაძლებლობების გამოყენების მნიშვნელობას.

“მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ქვეყნებს შორის კავშირების გაძლიერებასთან დაკავშირებით; განიხილეს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების პერსპექტივები. განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო”, — ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ღარიბაშვილი ასევე შეხვდა კორპორაცია “ინდორმას” დამფუძნებელს და თავმჯდომარეს, შრი პრაკაშ ლოჰიასაც. მთავრობის ადმინისტრაციის თანახმად, შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

ამასთან, საუბარი შეეხო რუსთავის აზოტის სასუქების საწარმოსაც. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მასთან დაკავშირებით გეგმები აქვს “ინდორამას” და კომპანია 200 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

“ინდორამა” ქიმიური წარმოების კომპანიაა. მას 160 ქარხანა აქვს 38 ქვეყანაში.

რაც შეეხება SK ჯგუფს, მთავრობის ადმინისტრაციის თანახმად, SK ჯგუფი აერთიანებს 200-ზე მეტ კომპანიას, მათ შორის – ენერგეტიკის, ქიმიური ინდუსტრიის, ტელეკომუნიკაციების, ბიო-ფარმაციისა და სავაჭრო მომსახურების სფეროებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი