ახალი ამბები

ადამიანი, რომლის ცხედარიც დადიანზე სარდაფში იპოვეს, მოკლული აღმოჩნდა

6 ოქტომბერი, 2023 • 2478
ადამიანი, რომლის ცხედარიც დადიანზე სარდაფში იპოვეს, მოკლული აღმოჩნდა

ადამიანი, რომლის ცხედარიც გუშინ თბილისში, დადიანის ქუჩაზე მდებარე სარდაფში იპოვეს, მოკლული აღმოჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1979 წელს დაბადებული ა.შ. დააკავეს.

უწყების განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ბრალდებულმა თბილისში, დადიანის ქუჩაზე მდებარე სარდაფში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეგობარს – 1981 წელს დაბადებულ ლ.ა.-ს., რის შემდგომაც ადგილიდან მიიმალა.

„პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული თბილისში დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებადაა ამოღებული. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, — ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი