ახალი ამბები

ეს არის ოკუპაციის გაგრძელება — ღარიბაშვილი აფხაზეთში რუსული ფლოტის ბაზის განთავსების გეგმაზე

5 ოქტომბერი, 2023 • 1672
ეს არის ოკუპაციის გაგრძელება — ღარიბაშვილი აფხაზეთში რუსული ფლოტის ბაზის განთავსების გეგმაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსების გეგმის შესახებ და განაცხადა, რომ ეს ოკუპაციის გაგრძელებაა. ამის შესახებ მან ესპანეთში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მესამე სამიტზე ვიზიტისას, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მისი თქმით, რუსული ბაზის განთავსებაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში ისაუბრა სხვა პოლიტიკოსებთან ერთად, სადაც განიხილებოდა გეოსტრატეგიული საკითხები:

“იცით, რომ გახდა ცნობილი, რუსეთი აპირებს უკვე მე-3 სამხედრო ბაზის, ამ შემთხვევაში, საზღვაო ბაზის მშენებლობას ჩვენს ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, ჩვენი ნებართვის გარეშე. ეს არის ოკუპაციის შედეგი. ეს არის ოკუპაციის გაგრძელება, რა თქმა უნდა, ჩვენ ასე აღვიქვამთ ამ უკანონო გადაწყვეტილებას, ბუნებრივია. მათ ვუთხარი, რომ ეს კიდევ უფრო აუარესებს ამ სიტუაციას, რომელიც თან ახლავს ოკუპაციას. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველო არის და მე ამის თაობაზე მძაფრად აღვუწერე ჩვენი სიტუაცია, რომ ჩვენ ვიმყოფებით მეტად სპეციფიკურ სიტუაციაში, ვინაიდან ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ოკუპირებული და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ქვეყანა ახერხებს განვითარებას, წინსვლას, რეფორმებს ისე, რომ ინარჩუნებს მშვიდობას და სტაბილურობას, ამას მართლაც მოხერხება სჭირდება და ჩვენ მართლაც გვაქვს სათქმელი ამ მიმართულებით”, — განაცხადა მან.

ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, ევროპელი ლიდერებისგან მიიღო დასტური, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას:

“ასევე ვუთხარი, რომ თუ სტატუსს ქვეყანა არ მიიღებს, ეს იქნება აბსოლუტურად გაუგებარი, ეს იქნება შეურაცხყოფა ჩვენი ქართველი ხალხის, ეს იქნება დაუმსახურებელი, ასე ვთქვათ, მორიგი მცდელობა, რომ ქვეყანა დაჩაგრონ ან უსამართლოდ მოექცნენ და მოეპყრონ. ეს იქნება აბსოლუტურად მიუღებელი და, რაც მთავარია, ბოლო მესიჯი, რაც მე მათ ვუთხარი, რომ ეს იქნება პირდაპირი გზავნილი, თუნდაც იგივე რუსეთისთვის და სხვა ქვეყნებისთვის, ზოგადად, რეგიონისთვის ან იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ცდილობენ, რომ დაახლოვდნენ ევროკავშირთან”, — აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი