საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროოპტიმისტების” წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ 7 ოქტომბერს ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიასა და მისი მხარდამჭერების შეკრებაზე მიწვეული არ არის.
როგორც დეკანოიძე ამბობს, მელიასთან დიდი ხნის ურთიერთობა აქვს, თუმცა 7 ოქტომბრის შეკრებასთან დაკავშირებით მასთან საუბარი არ ჰქონია.
“რაც შეეხება იმას, ვიქნები თუ არა [ნიკა მელიას შეკრებაზე], მე მოსაწვევი არ მიმიღია, ყოველ შემთხვევაში, არც ნიკასთან არ მქონია საუბარი. ნიკასთან და ძალიან ბევრ ადამიანთან ჩემი ურთიერთობა დიდი ხნის წინ დაიწყო. ვერ გეტყვით, რა იქნება 7 ოქტომბერს მთავარი გეგმა. ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი არ მქონია ნიკასთან ან პარტიის წევრებთან. თუ მსგავსი გადაწყვეტილება იქნება [სხვებიც დატოვებენ ენმ-ს], ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უკმაყოფილოა სწორედ იმ მდგომარეობით, რა მდგომარეობაც პარტიაშია”, – განაცხადა დეკანოიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარმემ ნიკა მელიამ შესაძლოა პარტია დატოვოს. ამის შესახებ მან „მთავარ არხზე“ 26 სექტემბერს ისაუბრა.
მელიას თქით, ენმ-ში ყოფნასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს. მისი თქმით, 7 ოქტომბერს თბილისში მთელი საქართველოდან თანამოაზრეები შეიკრიბებიან და მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაზე იმსჯელებენ.
როგორც მელია ამბობს, ის არ აპირებს, რომ გამუდმებით ილაპარაკოს ენმ-ში ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის გავლენებზე. მისი თქმით, როდესაც წყვილი ბედნიერი არ არის, სჯობს, რომ დაშორდეს.
თუმცა მელიას თქმით, თუ ის პარტიიდან წავა და ბრძოლას ახალი პლატფორმიდან გააგრძელებს, არ ნიშნავს, რომ ენმ-სთან საერთო სტრატეგიული მიზნის გარშემო არ ითანამშრომლებს.