ახალი ამბები

„იმედის კლინიკა“ უნებართვო ოპერაციებისთვის 20 000 ლარით დააჯარიმეს

4 ოქტომბერი, 2023 • 1507
„იმედის კლინიკა“ უნებართვო ოპერაციებისთვის 20 000 ლარით დააჯარიმეს

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო აცხადებს, რომ „იმედის კლინიკაში“ უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა.

კერძოდ, სამედიცინო დაწესებულებაში ორ მცირეწლოვან პაციენტს ქირურგიული ოპერაცია სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაუტარდა.

„იმედის კლინიკას“ ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურების მიწოდების ნებართვა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ დაწესებულებაში არსებული დარღვევა-ნაკლოვანების გამო 13 სექტემბერს შეუჩერა. მიუხედავად ამისა, უწყების ცნობით, კლინიკაში 2 ოქტომბერს გეგმური ქირურგიული ოპერაციები ჩატარდა, რაც უკანონო სამედიცინო საქმიანობას წარმოადგენს.

უკანონო სამედიცინო საქმიანობის გამო დაწესებულება 20 000 ლარით დაჯარიმდა.

სექტემბრიდან ძალაში შევიდა რეანიმაციული და ქირურგიული მომსახურებების სანებართვო პირობები. სტანდარტი აწესებს შესაბამის პირობებს აღნიშნული განყოფილებების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სპეციალური ოპერატიული პროცედურების, მომსახურების ხარისხის და სხვა მიმართულებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი