ხვალ, 5 ოქტომბერს, 14:00 საათზე პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან აქცია გაიმართება.
აქციის მონაწილეები გააპროტესტებენ საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს, რომელიც აქციებზე კარვების დადგმის წესს ამკაცრებს:
„კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში დემონსტრანტებს აეკრძალებათ „დროებითი კონსტრუქციების” მოწყობა და თუკი მაინც დადგამენ კარავს ან ააწყობენ სცენას, პოლიციას შეუძლია „კანონდამრღვევის“ ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება 500-დან 5000 ლარამდე და დაპატიმრება 15 დღემდე ვადით, ასევე, „სამართალდარღვევის” საგნის კონფისკაცია”.
კანონპროექტის მოსმენა პარლამენტში 5 ოქტომბერს იგეგმება. ხუთშაბათს, 5 ოქტომბერს, 14 საათზე, მოსმენის პარალელურად, პარლამენტის უკან, ერთად გავაპროტესტოთ ახალი რუსული კანონი. რუსულ მთავრობას არ გავატანინოთ მორიგი რუსული კანონი“, — აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
საქართველოს პარლამენტი აღნიშნულ კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს და მეორე და მესამე მოსმენით კენჭისყრას ხვალ, 5 ოქტომბერს გეგმავს.
„ქართული ოცნება“ ამკაცრებს კანონს შეკრების და მანიფესტაციისას დროებითი კონსტრუქციის მოწყობის შესახებ.„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მმართველი პარტიის დეპუტატებმა პარლამენტში უკვე დააინიცირეს. ავტორები კანონის გამკაცრების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციას ასახელებენ, რომლის მიხედვითაც ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „დესტაბილიზაციის მოწყობა“ იგეგმება.