ახალი ამბები

არც მრცხვენია, რომ წინა ხელისუფლებაში რაღაც პერიოდი ვიყავი იუსტიციის მინისტრის მოადგილე – მიქანაძე

4 ოქტომბერი, 2023 • 1208
არც მრცხვენია, რომ წინა ხელისუფლებაში რაღაც პერიოდი ვიყავი იუსტიციის მინისტრის მოადგილე – მიქანაძე

„ქართული ოცნების“ წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, არ რცხვენია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს გარკვეული პერიოდი იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო.

ამის შესახებ მან დღეს, 4 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების წარდგენისას განაცხადა.

გივი მიქანაძეს ენმ-ის ხელისუფლებაში თანამდებობაზე ყოფნა „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა შეახსენა.  კერძოდ,  2005 – 2008 წლებში გივი მიქანაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო.

„მე ვერ გავიგე პასუხი კითხვაზე – რა მოტივაციით არის ეს კანონპროექტი ინიცირებული. რადგან ობიექტური გამოცდილებიდან ვერ ამიხსენით, იქნებ თქვენი სუბიექტური გამოცდილებიდან გადაწყვიტეთ ამის დაინიცირება. თქვენ იყავით იუსტიციის მინისტრის მოადგილე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში და მიგაჩნიათ, რომ ის არი იყო საკმარისად რეპრესიული სისტემა და ამიტომ მოხდა 2012 წელს არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა და რეპრესიების გაღრმავება აუცილებელია? მაშინ ვერ განახორციელეთ ეს გეგმა და ახლა აკეთებთ?“ – კითხა სალომე სამადაშვილმა გივი მიქანაძეს.

სალომე სამადაშვილის პასუხად გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების დროს თანამდებობა 2007 წლის 7 ნოემბრის ძალადობრივი მოვლენების გამო დატოვა.

„გაუხსენებია ის ამბავი, რომ წინა ხელისუფლებაში რაღაც პერიოდი ვიყავი იუსტიციის მინისტრის მოადგილე, არც მრცხვენია და ვამბობ, რომ ვიყავი და ვასრულებდი ჩემს საქმეს. თუმცა ის არ ახსოვს, რომ სწორედ 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ წამოვედი იმ სამინისტროდან“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.


„ქართული ოცნება“ ამკაცრებს კანონს შეკრების და მანიფესტაციისას დროებითი კონსტრუქციის მოწყობის შესახებ.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მმართველი პარტიის დეპუტატებმა პარლამენტში უკვე დააინიცირეს.  ავტორები კანონის გამკაცრების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციას ასახელებენ, რომლის მიხედვითაც ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „დესტაბილიზაციის მოწყობა“ იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი