ახალი ამბები

თქვენი საფირმო ნიშანი იყო რკინის კონსტრუქცია – გოცირიძე „ოცნებას“

4 ოქტომბერი, 2023 • 879
თქვენი საფირმო ნიშანი იყო რკინის კონსტრუქცია – გოცირიძე „ოცნებას“

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, „ქართული ოცნებას“ „კარვების რევოლუცია“ ელანდება და სწორედ ამიტომ ამკაცრებს აქციებზე დროებითი კონსტრუქციის მოწყობის წესს.

ამის შესახებ მან დღეს, 4 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვისას განაცხადა.

„თქვენი საფირმო ნიშანი იყო რკინის კონსტრუქცია, რომელსაც ერქვა საკანი და 3 თვის განმავლობაში პარალიზება გაუკეთეთ თბილისს და ვაჭრობა და ტურისტული შემოსავლები გაანულეთ. ბოდიშის მოხდას აპირებთ თუ არა, რომ თურმე ის კონსტრუქციები, ყველაფერი რაც იყო, იყო უკანონო?!

11 წლის განმავლობაში ყაჩაღებივით თავს ესხმოდით იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს კონსტრუქცია ჰქონდათ. კონსტრუქცია თქვენი წარმოდგენით არის კარავი და თქვენ გეშინიათ კარვის, გელანდებათ „ვარდების რევოლუციიდან“ „კარვების რევოლუციამდე“. ელოდებით „კარვების რევოლუციას“ და სასაცილოა, გეშინიათ იმის გამო, რომ ძალიან ბევრი დანაშაული და ცოდვა გაქვთ ჩადენილი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.


„ქართული ოცნება“ ამკაცრებს კანონს შეკრების და მანიფესტაციისას დროებითი კონსტრუქციის მოწყობის შესახებ.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მმართველი პარტიის დეპუტატებმა პარლამენტში უკვე დააინიცირეს.  ავტორები კანონის გამკაცრების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციას ასახელებენ, რომლის მიხედვითაც ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „დესტაბილიზაციის მოწყობა“ იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი