ახალი ამბები

თბილისში პიკის საათებში სატვირთო ავტომანქანებით გადაადგილების შეზღუდვა იგეგმება

4 ოქტომბერი, 2023 •
თბილისში პიკის საათებში სატვირთო ავტომანქანებით გადაადგილების შეზღუდვა იგეგმება

თბილისის მერია გეგმავს, რომ დედაქალაქში დღეში რამდენიმე საათით აიკრძალოს სატვირთო ავტომანქანებით მოძრაობა. ამის შესახებ მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა დღეს, 4 ოქტომბერს.

კალაძის თქმით, ამ დროისთვის გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებული არ არის, თუმცა ბიზნესსექტორთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ დილის 08:00 საათიდან 11:00 საათამდე და საღამოს 17:00 საათიდან 20:00 საათამდე შუალედში შეიზღუდოს დიდი გაბარიტების მქონე — M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება კონკრეტულ ქუჩებზე:

“თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე აიკრძალოს M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დილის 08:00 საათიდან 11:00 საათამდე და საღამოს 17:00 საათიდან 20:00 საათამდე შუალედში, რომ შეიზღუდოს ამ დიდი გაბარიტიანი ავტომობილების გადაადგილება კონკრეტულ გზის მონაკვეთებში, კონკრეტულ რაიონებში, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ნაწილობრივ განიტვირთოს საცობი.

ხშირია შემთხვევები, როდესაც დიდი ავტომობილების დაზიანება ხდება, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს დედაქალაქში. როდესაც ტექნიკურად გაუმართავია [სატვირთო], ეს იწვევს კიდევ უდიდეს პრობლემას — იხერგება გზის მონაკვეთები, გადაადგილება შეუძლებელი ხდება. ასეთი დიდი გაბარიტების გადაყვანას სჭირდება სპეცტექნიკა და გარკვეული დრო. ეს, რა თქმა უნდა, უდიდეს შეფერხებას იწვევს და აქვს ჯაჭვური რეაქცია, რაც დედაქალაქის სხვადასხვა მონაკვეთებზე აისახება და უდიდეს დისკომფორტს წარმოადგენს თბილისელებისთვის”, — განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, განიხილება, რომ აღნიშნული აკრძალვა არ გავრცელდეს ისეთ დღეებზე, როდესაც ქალაქში მოძრაობა შედარებით შემსუბუქებულია, მაგალითად, როგორიცაა შაბათ-კვირა და აგვისტოს თვე.

მასალების გადაბეჭდვის წესი