სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას „[ბიძინა] ივანიშვილის თამაშად“ და ყურადღების გადატანის მცდელობად აფასებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში სააკაშვილი ამბობს, რომ ზოგადად არ უჭერს მხარს იმპიჩმენტს – „რადგან ეს პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციას იწვევს“.
მისივე მოსაზრებით, იმპიჩმენტი „ივანიშვილის თამაშია“ – „მცდელობა, გადაიტანონ ყურადღება ოლიგარქის დიქტატურიდან, რადგან აღარ ვსაუბრობთ ფარცხალაძეზე, კორუფციაზე, ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ პრობლემებზე“.
სააკაშვილი აგრეთვე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს არაფერი გაუკეთებია, რაც ივანიშვილის გეგმებს ეწინააღმდეგება.
30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს.
აღნიშნული განცხადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტისთვის მთავრობას ევროპაში ვიზიტებზე თანხმობა არ მიუცია. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებიდან ირკვევა, პრეზიდენტს, ევროპის ქვეყნების გარდა, უარი უთხრეს უკრაინაში ვიზიტზე, ასევე, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელში ვიზიტებზეც.
„ქართულ ოცნებაში“ ამბობდნენ, რომ პრეზიდენტი მთავრობის თანხმობის გარეშე ვიზიტებით კონსტიტუციას არღვევს. როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, პრეზიდენტისთვის ევროპაში ვიზიტებზე მთავრობის უარი „საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებასთან დაკავშირებულ რისკებთან არის დაკავშირებული“.
იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევას დაუდგენს, პარლამენტს შეუძლია მის იმპიჩმენტს კენჭი უყაროს. ამისთვის კი „ქართულ ოცნებას“ 100 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში 100 დეპუტატი არ არის, შესაბამისად, მხოლოდ უმრავლესობა პრეზიდენტის იმპიჩმენტს ვერ შეძლებს.