ახალი ამბები

გორში, კასპსა და გურჯაანში დღეს არჩევნებია — უბნების უმრავლესობაში ხმას ელექტრონულად აძლევენ

1 ოქტომბერი, 2023 • 1232
გორში, კასპსა და გურჯაანში დღეს არჩევნებია — უბნების უმრავლესობაში ხმას ელექტრონულად აძლევენ

დღეს, 1 ოქტომბერს, გორსა და კასპში პარლამენტის შუალედური, გურჯაანში კი მერის რიგგარეშე არჩევნების მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები გაიხსნა სამივე მუნიციპალიტეტში, შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში. კენჭისყრა დაწყებულია.

საარჩევნო უბნების უმრავლეს ნაწილში არჩევნები ელექტრონული ხმის მიცემით იმართება.

კენჭისყრა, სულ, 133 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს, მათგან 103 უბანზე ხმის მიცემა ელექტრონული კენჭისყრის აპარატით ტარდება. შესაბამისად, ასეთ უბნებზე განსხვავებულია საარჩევნო ბიულეტენიც — ამ შემთხვევაში ამომრჩეველმა კი არ უნდა შემოხაზოს სასურველი კანდიდატის ნომერი, არამედ უნდა გააფერადოს კანდიდატის წინ არსებული წრე.

დანარჩენ, 30 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ტარდება, თუმცა, როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, ამ შემთხვევაში საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

ცესკოს ცნობით, ელექტრონული აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და შესაბამისად, კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობს.

„ამასთან, უნდა აღინიშნოს რომ გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით, გათვალისწინებულია ბიულეტენების ხელით დათვლაც. მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ შემაჯამებელი ოქმები პლანშეტის საშუალებით საოლქო საარჩევნო კომისიის გვერდის ავლით, პირდაპირ ცესკოში გადმოიგზავნება, რაც კიდევ უფრო ამცირებს შედეგების დამუშავებისა და შემდგომი გამოქვეყნების დროს”, — აცხადებს ცესკო.

ცესკოსვე ცნობით, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. დღეს ასევე დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში ან შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი