ახალი ამბები

გერმანიის და საფრანგეთის ელჩების განცხადება საქართველოს კანდიდატის სტატუსზე

29 სექტემბერი, 2023 • 5629
გერმანიის და საფრანგეთის ელჩების განცხადება საქართველოს კანდიდატის სტატუსზე

საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები საქართველოში, შერაზ გასრი და პეტერ ფიშერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ 2023 წლის დეკემბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ისტორიული შესაძლებლობაა.

„2023 წლის დეკემბერში ევროკავშირსა და საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა ექნებათ: საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ეს იქნებოდა შემდეგი ეტაპი საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ხანგრძლივ პარტნიორობასა და მეგობრობაში, რომლის მიზანიც არის საქართველოს ევროკავშირის წევრობა“, — ნათქვამია განცხადებაში.

დიპლომატები მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში, გაერთიანდნენ ამ მიზნის გარშემო და ერთად იმუშაონ მის მისაღწევად.

„ამ თვალსაზრისით, მივესალმებით საქართველოდან ახლახან შემდგარ და მომავალ ვიზიტებს ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებსა და ევროსტრუქტურებში, ბრიუსელში, სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურების, მთავრობის სხვადასხვა წევრების შეხვედრებით, ისევე როგორც ფართო წარმომადგენლობებს შორის პარლამენტებიდან. კონსტრუქციული დიალოგი არის ფასდაუდებელი. ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს გვერდით ყოფნას კანდიდატის სტატუსისა და ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაგზე“, — ნათქვამია განცხადებაში.

მიმდინარე კვირაში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბალტიის ქვეყნებს ეწვია, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა კი შეხვედრები გამართა ბრიუსელში.

ევროკავშირი მიმდინარე წლის შემოდგომაზე შეაფასებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესს გაფართოების პაკეტის ფარგლებში. ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს საბჭოს, რომელიც სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბრის სამიტზე მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი