ახალი ამბები

ღარიბაშვილისთვის გაუგებარია, რატომ დაასანქცირეს ფარცხალაძე

28 სექტემბერი, 2023 • 1302
ღარიბაშვილისთვის გაუგებარია, რატომ დაასანქცირეს ფარცხალაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მტკიცებულებებია საჭირო იმის დასადასტურებლად, რომ ოთარ ფარცხალაძე სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებდა. ღარიბაშვილისთვის გაუგებარია, რატომ დაასანქცირა აშშ-მა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი.

“მე მინდა, გაკვირვება გამოვხატო, რატომ მოხდა ფარცხალაძის დასანქცირება. გაუგებარია, აუხსნელია ჩემთვის და მე ამის თაობაზე ღიად ვაფიქსირებ ჩემ აზრს…” ,— უთხრა მან ჟურნალისტებს.

საპასუხოდ ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვისა — “არ თვლით, რომ ის რუსეთის აგენტია? ამაზე ამერიკა საუბრობს” — ღარიბაშვილმა თქვა:

“ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი. მე მინდა, ერთი განმასხვავებელი რამ გითხრათ: ყველა ის ადამიანი, რომელიც ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს, ის არის ჩემს თვალში მოღალატე. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის აგენტი იქნება, ის არის გამყიდველი და მოღალატე ადამიანი. ჩემთვის და სამსახურებისთვის, სახელმწიფოსთვის, არ არის ცნობილი არც ერთი ფაქტი, რომ ფარცხალაძემ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და სხვა ქვეყნის რაიმე ქმედება ჩაიდინა”.

კიდევ ერთი კითხვის საპასუხოდ, სჭირდება თუ არა პრემიერ-მინისტრს მტკიცებულებები, ღარიბაშვილმა თქვა:

“რა თქმა უნდა. აბა, მოსამართლეები რომ დაასანქცირეს და თქვეს, რომ კორუფციის ფაქტების გამო მოხდა, ვინმემ ნახა მტკიცებულებები?..”

“მე ფარცხალაძის ადვოკატი არ ვარ და არც სჭირდება ჩემი ადვოკატობა, მაგრამ როგორც მოქალაქეზე, გუნდის ყოფილ წევრზე და ყოფილ პროკურორზე, მე ჩემს პოზიციას ვაფიქსირებ:

აუცილებელია, რომ ჩვენ ბრმად არ მივიღოთ გადაწყვეტილება ჩვენი პარტნიორისა, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემთ. მასთან გვაქვს ეს დისკუსია და კომუნიკაცია. მთავარი წუხილი და გაკვირვება, რაც მინდა, გამოვხატო, არის ის, რომ არასდროს მოუმართავს ფარცხალაძის შესახებ აშშ-ის არც ერთ სამსახურს. მათ რომ გადაემოწმებინათ ფარცხალაძის საქმიანობა რუსეთში, ჩვენ ვიცოდით, რომ მას ბიზნესსაქმიანობა ჰქონდა. მაგრამ ისიც ვიცით, რომ ფარცხალაძე ოლიგარქი არ არის და გავლენა არ აქვს საზოგადოებაზე. მე მგონი, ეს დასამალი არ არის.

როგორ არის ფარცხალაძე ოლიგარქი? რანაირი ოლიგარქია? კაცი წასულია ხელისუფლებიდან 10 წელზე მეტია, აკეთებს ბიზნესს. მისი არჩევანია, რატომ აიღო პასპორტი. ეს ყველას ინდივიდუალური არჩევანია”.

პრემიერ-მინისტრმა ასევე დასძინა, რომ მსგავს შემთხვევაში სახელმწიფო ნებისმიერ მოქალაქეს დაიცავს.

“ხვალ რომ დაგასანქცირონ თქვენ, ასევე დაგიცავთ”, — მიმართა მან ჟურნალისტს.

რისთვის დაასანქცირეს ფარცხალაძე

აშშ-მა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება 14 სექტემბერს გამოაქვეყნა.

აშშ-ის ხაზინის თანახმად, ფარცხალაძეს, როგორც თავის თანამოაზრეს, სავარაუდოდ, „ეფესბეს“ ოფიცერი ალექსანდრე ონიშჩენკო დაეხმარა რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.

„ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა მისი კავშირებით „ეფესბესთან“, – წერს აშშ-ის ხაზინა.

ოთარ ფარცხალაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას, 2013 წელს დაიკავა მთავარი პროკურორის პოსტი.

ფარცხალაძის კანდიდატურა მთავარი პროკურორის პოსტზე 2013 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იმდროინდელმა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა.

მან ამ თანამდებობაზე ყოფნა მხოლოდ 47 დღის განმავლობაში შეძლო. ოპოზიციამ გაასაჯაროვა ცნობები, რომლის მიხედვითაც, ფარცხალაძე 2000-იანი წლების დასაწყისში ბოტასის ქურდობისთვის იყო გასამართლებული.

ნასამართლობის ფაქტი ფარცხალაძემაც დაადასტურა, თუმცა მან თქვა, რომ გერმანიის მართლმსაჯულება არა ქურდობას, არამედ პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდა. ამ სკანდალის შემდეგ ფარცხალაძემ თანამდებობა დატოვა და ოფიციალური ცნობებით, ბიზნესსაქმიანობა დაიწყო.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ინტერვიუთი ცნობილი გახდა, რომ მისი შვილი, ბერა ივანიშვილი, ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლიაა.

ოთარ ფარცხალაძეს უკავშირდება აუდიტის სამსახურის იმდროინდელი უფროსის და ამჟამად დევნილობაში მყოფი ლაშა თორდიას ცემის ფაქტიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი