ახალი ამბები

ლიზა იასკომ შვილის შეძენასა და ბავშვის მამაზე საჯაროდ დაწერა

1 ივნისი, 2023 •
ლიზა იასკომ შვილის შეძენასა და ბავშვის მამაზე საჯაროდ დაწერა

მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ცოლმა, რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ საჯაროდ დაწერა, რომ შვილი გააჩინა. მართალია, მას ბავშვის მამის სახელი არ უხსენებია, თუმცა მინიშნება გააკეთა ქართულ ციხეში მყოფ მიხეილ სააკაშვილზე.

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ბავშვის მამა არ იქნებოდა თავისუფალი და ჯანმრთელი იმ მნიშვნელოვან მომენტებში, რომელსაც ერთად ვგეგმავდით.

ჩემი ბავშვი ჩემი სიყვარულია. მისი მამისთვის ჩვენი შვილი უკრაინული ფესვები და უკრაინული გაგრძელებაა, რომელზეც ის ოცნებობდა და ასე ძალიან უნდოდა, ამაყობდა თავისი უკრაინული მოქალაქეობით.

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ბავშვს ომის დროს გავაჩენდი — ეს ნამდვილად საშიშია“, — დაწერა ლიზა იასკომ პირად ფეისბუკ გვერდზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არაერთი ბრალდება წაუყენა და დაუსწრებლად პატიმრობაც მიუსაჯა, საქართველოში 2021 წლის 1 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, არალეგალურად ჩამოვიდა და მალევე დააპატიმრეს.

მისი დაპატიმრებისთანავე ლიზა იასკომ გაავრცელა დაპატიმრებამდე, უკრაინაში ჩაწერილი ერთობლივი ვიდეომიმართვა, სადაც ისინი ოჯახის შექმნასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობდნენ.

ლიზა იასკო სააკაშვილს პატიმრობის პირველ თვეებში ციხეში აქტიურად აკითხავდა, შემდეგ კი ეს ვიზიტები შეწყდა.

უკრაინულმა მედიამ ჯერ კიდევ 2022 წელს გაავრცელა ცნობები, რომ ლიზა იასკოს შვილი შეეძინა, თუმცა ბავშვის შესახებ არც იასკო და არც მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე საჯაროდ არ საუბრობდნენ.

მიხეილ სააკაშვილისთვის ეს მეოთხე შვილია. ორი შვილი მას საქართველოს ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსისგან ჰყავს, ერთი კი, მომღერალ სოფო ნიჟარაძისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი