სომხეთის მთავრობის ცნობით, 25 სექტემბრის მდგომარეობით მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში 2906 იძულებით გადაადგილებული პირი შევიდა.
ოფიციალური ინფორმაციითვე, 1000 ადამიანი მათ მიერვე შერჩეულ საცხოვრებელში გადავა, დანარჩენს კი საცხოვრებლით მთავრობა უზრუნველყოფს.
ამ ეტაპზე, იძულებით გადაადგილებული პირები მთიანი ყარაბაღიდან ლაჩინის დერეფნით გადაყვანილი არიან სომხეთის ქალაქებში, გორსსა და სიუნიქში.
მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ამ ეტაპზე აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებდა და 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ქვეშ იყო, აზერბაიჯანმა “ანტიტერორისტულ ოპერაციის” მოტივით 19 სექტემბერს შეტევა დაიწყო. დე ფაქტო რესპუბლიკის ცნობით, დაღუპულია, სულ მცირე, 200 ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა, და დაჭრილია 400-ზე მეტი მოქალაქე. 20 სექტემბერს დე ფაქტო ყარაბაღის რესპუბლიკამ მიიღო რუსი მშვიდობისმყოფელების წინადადება ცეცხლის შეწყვეტასა და საბრძოლო შენაერთების განიარაღებაზე, რაც ბაქომ აზერბაიჯანის მორიგ ტრიუმფად და ყარაბაღის კაპიტულაციად გამოაცხადა და ამასთან, ყარაბაღელი სომხების რეინტეგრაციის გეგმასა და მშვიდობიან თანაცხოვრებაზე დაიწყო საუბარი, თუმცა, ყარაბაღელი სომხები აზერბაიჯანის ხელისუფლების კონტროლქვეშ ცხოვრებაზე უარს ამბობენ და სომხეთში, იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსით გადადიან საცხოვრებლად.