ახალი ამბები

ჩვენი ფუნდამენტური ფილოსოფიაა ომის აცილება — ღარიბაშვილი გაეროში

23 სექტემბერი, 2023 •
ჩვენი ფუნდამენტური ფილოსოფიაა ომის აცილება — ღარიბაშვილი გაეროში

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის “ფუნდამენტური ფილოსოფიაა” ომის აცილება.  ამის შესახებ მან გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო – ჩვენი მთავრობის ფუნდამენტური ფილოსოფია არის ომის აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფა. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გამო წარმოქმნილი გამოწვევების მიუხედავად, მოვახერხეთ ჩვენი ხალხის უსაფრთხოდ ყოფნა უკრაინისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერისას წინდახედული პოლიტიკითა და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით”, — თქვა მან.

ამასთან, მან სიტყვით გამოსვილსას ისაუბრა უკრაინაზე და აღნიშნა, რომ სრულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინელ ხალხს და “სრულად გრძნობს იმ ტკვილსა და გაჭირვებას, რომელსაც ამჟამად უკრაინა განიცდის”:

“გლობალურად ვიბრძვით მშვიდობის, კეთილდღეობის, პროგრესისა და მდგრადობისთვის, მაგრამ გულს გვტკენს გაეროს წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოხატული აგრესია… სრულად ვგრძნობთ იმ ტკივილსა და გაჭირვებას, რომელსაც ამჟამად უკრაინა განიცდის და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით საქართველომ უკრაინის მხარდასაჭერად არა ერთი ნაბიჯი გადადგა, მათ შორის ქართულმა სკოლებმა 2 200-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე მიიღო და უკრაინულ ენაზე უზრუნველყოფს ოფიციალურ სწავლებას, უკრაინული სასწავლო პროგრამით.

„ჩვენ მივუერთდით, მხარი დავუჭირეთ და ხელი მოვაწერეთ 500-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას, ერთობლივ კომუნიკეს და სხვა ინიციატივებს უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, არაერთხელ შეაქო ჩვენი შესაბამისობა საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან.

საქართველოს მთავრობა უკრაინას არსებით ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს ომის დაწყების დღიდან. ეს ხდება ქვეყნის და ინდივიდების დონეზე, რომლებიც ამჟამად ცხოვრობენ საქართველოში. ქართულმა სკოლებმა 2200-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე მიიღო და უკრაინულ ენაზე უზრუნველყოფენ სწავლებას ოფიციალური, უკრაინული სასწავლო პროგრამით“, — განაცხადა პრემიერმა.


განახლება: 23 სექტემბრის 16:35-ზე სტატიის სათაურსა და ტექსტში შევიდა ცვლილება. კერძოდ, ამოღებულია პრემიერის ფრაზა ომის „ნებისმიერ ფასად“ თავიდან აცილების შესახებ. გაეროში გამოსვლისას პრემიერ-მინისტრს ეს არ უთქვამს, თუმცა, სწორედ ეს ფრაზა იყო მისი გამოსვლის თარგმანში, რომელიც „ნეტგაზეთმა“ მთავრობის პრესსამსახურისგან მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი