ახალი ამბები

ენმ-ის ცნობით, მათი პარტიის წევრს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

22 სექტემბერი, 2023 • 1800
ენმ-ის ცნობით, მათი პარტიის წევრს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

“ნაციონალური მოძრაობის” წევრს, თბილისის საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ენმ-ის ლიდერები, ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი ავრცელებენ.

ისინი ძალადობის ორგანიზებაში თბილისის მერის, კახა კალაძის გარემოცვას ადებენ ხელს.

“მას შემდეგ, რაც ირაკლი ეძგვერაძე სახლში მობრუნდა, იმყოფებოდა რამდენიმე მეგობართან ერთად და მას თავს დაესხა დაახლოებით 50-დან 60-მდე ხელკეტებით შეიარაღებული ადამიანი. ე.წ. კანონიერ ქურდ შუკაკიძის შუათანა ძმა, ვიღაც ტატო ხუნდაძე, რომელიც გლდანის გამგეობაში მუშაობს, ანუ მთელი ეს ქართული ოცნების “შპანა”…

უსასტიკესად გაუსწორდნენ ყველას, ვინც კი დახვდათ ადგილზე. პრაქტიკულად სიკვდილისთვის გაიმეტეს. ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება მეტი არაფერი”, — განაცხადა მელიამ.

ამასთან, ხაბეიშვილის ინფორმაციით, ეძგვერაძეს და მის თანმხლებ პირს ათობით ადამიანი დაესხა თავს.

“ნეტგაზეთი” დეტალების დაზუსტებას შსს-თან ცდილობს.


განახლება: შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი