ახალი ამბები

საფუძველი რომ იყოს, დააკავებდნენ, ეტყობა, არ არის – კობახიძე ფარცხალაძეზე

21 სექტემბერი, 2023 • 1663
საფუძველი რომ იყოს, დააკავებდნენ, ეტყობა, არ არის – კობახიძე ფარცხალაძეზე

„საფუძველი რომ იყოს, დააკავებდნენ, ეტყობა, არ არის“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აშშ-ის მიერ სანქცირებული და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან (FSB) კავშირში მხილებული ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დაკავებასთან დაკავშირებით.

კობახიძის თქმით, ფარცხალაძესთან დაკავშირებით გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სასმახური აწარმოებს და მას გამოძიების დეტალებზე ინფორმაცია არ აქვს.

„მე არც მუხლი ვიცი და არც რა პროცედურები ჩატარდა. ეს არის  სუს-ის გამოძიება, ეს დეტალები მე ვერ მეცოდინება, მაგრამ თავისთავად ეს[გამოძიების დაწყება] მნიშვნელოვანი ფაქტია. მოქალაქე აღარაა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, როცა ადამიანს ასეთ ბრალდებას უყენებენ, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფაქტი მტკიცებულებით დადასტურდეს. ამიტომ გამოძიების დაწყება იყო აუცილებელი. იმედია, რომ სუსი მიმართავს უცხოელ პარტნიორებსაც, მტკიცებულებებსაც გამოითხოვს. საბოლოო ჯამში, ამ გამოძიების შედეგებიც უნდა გასაჯაროვდეს.

ყველა თემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებენ უწყებები, რომ იყოს საფუძველი, დააკავებდნენ, ეტყობა, არ არის საფუძველი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


ამერიკის შეერთხებულმა შტატებმა ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება 14 სექტემბერს გამოაქვეყნა.

აშშ-ის ხაზინის თანახმად, ფარცხალაძეს, როგორც თავის თანამოაზრეს, სავარაუდოდ, „ეფესბეს“ ოფიცერი ალექსანდრე ონიშჩენკო დაეხმარა რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.

„ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა მისი კავშირებით „ეფესბესთან“, – წერს აშშ-ის ხაზინა.

ოთარ ფარცხალაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას, 2013 წელს დაიკავა მთავარი პროკურორის პოსტი.

ფარცხალაძის კანდიდატურა მთავარი პროკურორის პოსტზე 2013 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იმდროინდელმა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა.

მან ამ თანამდებობაზე ყოფნა მხოლოდ 47 დღის განმავლობაში შეძლო. ოპოზიციამ გაასაჯაროვა ცნობები, რომლის მიხედვითაც, ფარცხალაძე 2000-იანი წლების დასაწყისში ბოტასის ქურდობისთვის იყო გასამართლებული.

ნასამართლეობის ფაქტი ფარცხალაძემაც დაადასტურა, თუმცა მან თქვა, რომ გერმანიის მართლმსაჯულება არა ქურდობას, არამედ პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდა. ამ სკანდალის შემდეგ ფარცხალაძემ თანამდებობა დატოვა და ოფიციალური ცნობებით, ბიზნესსაქმიანობა დაიწყო.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ინტერვიუთი ცნობილი გახდა, რომ მისი შვილი, ბერა ივანიშვილი, ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლიაა.

ოთარ ფარცხალაძეს უკავშირდება აუდიტის სამსახურის იმდროინდელი უფროსის და ამჟამად დევნილობაში მყოფი ლაშა თორდიას ცემის ფაქტიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი