2023 წლის 20 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ–მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6841 შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მიუხედავად სებ-ის ამ ინტერვენციისა, ლარი სხვა ვალუტებთან დღეს მაინც გაუფასურდა. რომ არა აღნიშნული ინტერვენცია, ლარი, სავარაუდოდ, უფრო მეტადაც გაუფასურდებოდა.
20 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსით, რომელიც ხვალ, 21 სექტემბერს იმოქმედებს, ლარი აშშ დოლართან მიმართებით 3 თეთრით გაუფასურდა. შესაბამისად, ოფიციალური კურსით 1 აშშ დოლარის ღირებულება ხვალ 2.6750 ლარი იქნება. ცვლილებამ წინა დღის ოფიციალურ კურსთან 0.0338 ლარი შეადგინა.
ოფიციალური კურსით, ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებითაც. 21 სექტემბერს 1 ევროს ღირებულება ოფიციალური კურსით 2.8631 ლარი იქნება. კურსთა შორის სხვაობამ წინა დღის ოფიციალურ კურსთან შედარებით თითქმის 4 თეთრი (0.0360 ლარი) შეადგინა.
ამ ყველაფერს წინ უძღოდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციათა აღსრულების წესის შეცვლა. მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოთარ ფარცხალაძისთვის ანგარიშების შესაძლო დაყადაღებას არაკონსტიტუციური უწოდა, ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმის შესრულების წესი შეცვალა და ბანკებს აუკრძალა სანქციების აღსრულება საქართველოს იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომელთა მიმართაც ადგილობრივი სასამართლოების ძალაში შესული განაჩენი არ არის დამდგარი.
რამდენიმე ბანკმა დღეს განაცხადა, რომ ისინი დარჩებიან საერთაშორისო სანქციებთან თანხვედრაში. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ კი თქვა, რომ ბანკებს არ აქვთ უფლება არ დაემორჩილონ რეგულატორის მიერ დაწესებულ წესებს.
