ახალი ამბები

მელიამ სებ-თან შეკრებილ აქციის მონაწილეებს პარლამენტთან გადანაცვლებისკენ მოუწოდა

20 სექტემბერი, 2023 • 1425
მელიამ სებ-თან შეკრებილ აქციის მონაწილეებს პარლამენტთან გადანაცვლებისკენ მოუწოდა

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ ეროვნულ ბანკთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ პარლამენტთან გადაინაცვლონ.

პარლამენტთან ამჟამად ორი აქცია იმართება –  ხელოვნებისა და მეცნიერების წარმომადგენლების, რომლებიც თეა წულუკიანის კულტურის პოლიტიკას აპროტესტებენ, მეორე აქცია კი 19:00 საათზე იწყება, რომლის ორგანიზატორიც  ენმ-ის მოქმედი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილია და მისი დაანონსება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას მოჰყვა.

როგორც მელიამ ნეტგაზეთთან განაცხადა, ახლა მნიშვნელოვანია ეროვნული ერთობა და მისი ვალია ყველგან იყოს.

„შეჯიბრი, დატოლება და ვინ, სად და რომელ საათზე გამართავს აქციას, მე ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს და არ მგონია, რომ საერთოდ ვინმეს აინტერესებდეს. ძალიან დიდი მნიშვნელობის გამოწვევის წინაშე დავდექით ყველანი. არათუ ღია მოღალატეობრივ ნაბიჯზე წავიდა ბიძინა ივანიშვილი, არამედ გადადგა ეს ნაბიჯი.

შესაბამისად, ახლა ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ ეროვნული ერთობა, რაც ნიშნავს იმას, რომ განსხვავებები არ არის საზოგაოდოებრივ ჯგუფებსა და პარტიებს შორის, მათ შორის ენმ-ში, რომელსაც მე წარმოვადგენ. მხარდამჭერებსა და ლიდერებს შორის შეიძლება იმაზე დიდი იყოს განსხვავები, მათ შორის ღირებულიბითი რიგ საკითხებზე, ვიდრე სხვადასხვა პარტიას შორის, მაგრამ არა ახლა და აქ.  ივანიშვილისგან ეს გამოწვევა უნდა იქნას საკადრისად პასუხგაცემული. ამის შემდეგ არჩევნები იქნება? – ყველანი გადავწყვეტთ, ვინ რა საარჩევნო ნომრით მიიღებს მონაწილეობას, ვინ როგორ იასპარეზებს.

ამ ეტაპზე ამ ვიწროპარტიულ საკითხებზე საუბარიც კი მკრეხელობაა ჩემი მხრიდან და ნებისმიერი ადამიანის მხრიდან. ახლა მივდივართ კულტურის დარგის წარმომადგენლების აქციაზე და შემდეგ შემდეგი აქცია იქნება და იქაც უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

დღეს, 20 სექტემბერს, 17:00 საათზე, ეროვნულ ბანკთან (იუსტიციის სახლის შენობასთან) აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია იყო. აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ეროვნულმა ბანკმა ოთარ ფარცხალაძის გამო სანქციათა რეჟიმის შესრულების წესი შეცვალა. ეროვნულ ბანკთან აქციას შეურთდება პარტია „ლელოც“.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი