ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემ თანამდებობა დატოვა.
ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ გიორგი ბაქრაძემ დაუდასტურა, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.
ეროვნული ბანკი დღეს დატოვეს ორმა ვიცე-პრეზიდენტმა და საბჭოს წევრებმა: არჩილ მესტვირიშვილმა და პაპუნა ლეჟავამ.
ეროვნული ბანკიდან კადრების გადინებას წინ წინ უძღოდა სანქციათა აღსრულების წესის შეცვლა. მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოთარ ფარცხალაძისთვის ანგარიშების შესაძლო დაყადაღებას არაკონსტიტუციური უწოდა, ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმის შესრულების წესი შეცვალა.
ბრძანებას სებ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა აწერს ხელს.
ცვლილებების თანახმად, სანქციათა რეჟიმი საქართველოს მოქალაქეზე იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. იმავე პრინციპით გავრცელდება სანქციათა რეჟიმი იმ იურიდიულ პირზე, რომლის წილსაც სანქცირებული საქართველოს მოქალაქე ფლობს.
