ახალი ამბები

„კობახიძის ლოგიკით, პუტინს რომ ჰქონდეს ანგარიშები, მასზეც არ უნდა გავრცელდეს სანქციები“ — იმნაძე

20 სექტემბერი, 2023 • 864
„კობახიძის ლოგიკით, პუტინს რომ ჰქონდეს ანგარიშები, მასზეც არ უნდა გავრცელდეს სანქციები“ — იმნაძე

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი გურო იმნაძე აცხადებს, რომ ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებაზე „ქართულმა ოცნებამ“ სრული აბსურდი შექმნა, რომელსაც ეროვნული ბანკიც შეუერთდა.

იმნაძე აღნიშნავს, რომ პოლიტიკურად (და გეოპოლიტიკურად) წარმოუდგენელი მავნებლობაა, რუსული ინტერესებისთვის მოქმედ “კერძო პირს” ხელისუფლება სახელმწიფო ინსტიტუტებიდან რომ გადაეფარა, თუმცა სამართლებრივად კიდევ უფრო დიდი აბსურდი შეიქმნა:

„საქართველოს დამოუკიდებელი ფინანსური სანქციები არ განუსაზღვრავს რუსული მხარისთვის, თუმცა ჩვენ უკვე წელიწადზე მეტია, მიერთებული ვართ აშშ-ის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ ფინანსურ სანქციებს. ეს სანქციები ვრცელდება როგორც კომპანიებზე, ისე კერძო პირებზე. სანქციების ბუნება არაა ექსკლუზიურად სისხლისსამართლებრივი. აშშ, ევროკავშირი და ბრიტანეთი სანქციების რეჟიმს ხშირ შემთხვევაში უქვემდებარებენ კომპანიებს/კერძო პირებს ისე, რომ მათ მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არაა დამდგარი.

ამიტომ აბსოლუტურად ლოგიკური და სწორი იყო, როცა აშშ-ს მიერ ფარცხალაძის  დასანქცირებას ქართული საფინანსო სექტორიც მიუერთდა ავტომატურად.

ქართული ოცნების ლიდერების მტკიცება, რომ ამით ირღვევა კონსტიტუციით დადგენილი უდანაშაულობის პრეზუმფცია, შესაბამისად, სანქციები საქართველოს მოქალაქეზე არ უნდა გავრცელდეს, ორი მიზეზით არის აბსურდული“, — აცხადებს გურო იმნაძე.

მისი თქმით, უდანაშაულობის პრეზუმფცია არის საპროცესო უფლება და ის მოქმედებს სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში. იმნაძე აღნიშნავს, რომ სანქციები ექსკლუზიურად სისხლისსამართლებრივი ზომა არაა, ამიტომაც მათი გავრცელება ადამიანზე არანაირ პრეზუმფციას არ არღვევს:

„უდანაშაულობის პრეზუმფციას ქართული კონსტიტუცია ავრცელებს ნებისმიერ ადამიანზე, მიუხედავად იმისა, ის საქართველოს მოქალაქეა თუ არა. ირაკლი კობახიძის ლოგიკა თუ სწორია, გამოდის, რომ ეროვნულ ბანკს ახალი გარანტიები არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე, არამედ ნებისმიერ ადამიანზე უნდა გაევრცელებინა. შესაბამისად, რომ დავუშვათ, რომ პუტინთან დაახლოებულ რომელიმე ფიგურას ან თავად პუტინს ჰქონოდა ანგარიშები გახსნილი საქართველოში, მათზეც არ უნდა გავრცელდეს სანქციები მანამ, სანამ ქართული სასამართლოო მათ წინააღმდეგ არ გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს (თორემ ისე უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა)“ ,— ამბობს იურისტი.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენლის თქმით, ახლა ოთარ ფარცხალაძეზე არის თან კომიკური და თან ძალიან მძიმე ვითარება:

„ერთი მხრივ, ის არის საქართველოს მოქალაქე, თუმცა კანონის მიხედვით მას არ ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეობა, მეორე მხრივ კი, ეროვნული ბანკი მის ინტერესებზე ზრუნავს, რადგან ის საქართველოს მოქალაქეა. თუმცა სანქციებიც და უდანაშაულობის პრეზუმფციაც განურჩევლად ვრცელდება როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე.

მოკლედ, სულ უფრო მძიმდება ამ საქმის ირგვლივ ვითარება და სულ უფრო მეტი აბსურდული ნაბიჯის გადადგმა უწევს ხელისუფლებას.
P.S. ეროვნულ ბანკში, პროკურატურაში, ალბათ სუს-შიც მუშაობს ბევრი ღირსეული, თავმოყვარე და ამ ქვეყნის პატრიოტი ადამიანი. ჰოდა, მათთან მაქვს ერთი კითხვა – ასეთ აბსურდში მუშაობას როგორ იტანთ?“ — ამბობს იურისტი.


მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოთარ ფარცხალაძისთვის ანგარიშების შესაძლო დაყადაღებას არაკონსტიტუციური უწოდა, ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმის შესრულების წესი შეცვალა.

ბრძანებას სებ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა აწერს ხელს.

ცვლილებების თანახმად, სანქციათა რეჟიმი საქართველოს მოქალაქეზე იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. იმავე პრინციპით გავრცელდება სანქციათა რეჟიმი იმ იურიდიულ პირზე, რომლის წილსაც სანქცირებული საქართველოს მოქალაქე ფლობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი