პარტია “ლელო” ეხმაურება სებ-ის მიერ სანქციების შესახებ ბრძანებაში ცვლილებებს და აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს საბანკო სისტემას. ამის შესახებ განცხადება “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს, 19 სექტემბერს გამოაქვეყნა.
“სებ-ის ბრძანება ადასტურებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები სრულად მიტაცებულია. რომ არა ბიძინა ივანიშვილის პირადი მითითება, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შეცვლას ვერავინ გაბედავდა.
საქართველოს სახელმწიფოს მიმართ მტრული სახელმწიფოს დაზვერვის სამსახურის ინტერესების გატარებაში ბრალდებული პირის ინტერესების დასაცავად სებ-ი საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს საბანკო სისტემას და მის რეპუტაციას, ასევე, ყველა მოქალაქეს, ვინც ამ სისტემით სარგებლობს. ეს ნაბიჯი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ დივერსიის ტოლფასია.
ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მიერ სანქცირებული ფარცხალაძის ბედი, ნათია თურნავასა და საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, ასევე ამერიკის მიერ სანქცირებული მოსამართლეების გადასაწყვეტი ხდება, ეს ამ ხელისუფლების არაადეკვატურობისა და ანტიეროვნულობის კიდევ ერთი მაგალითია.
ამ გადაწყვეტილებით საქართველო კიდევ უფრო შორდება ევროკავშირის პოლიტიკას. რუსული ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს ევროპული გზის საბოტაჟს!”, — განმარტავს ლელო.
დღეს, 19 სექტემბერს, ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმის შესრულების წესი შეცვალა, რის შედეგადაც ფარცხალაძეს აღუდგა ანგარიშებზე წვდომა. ამას წინ უძღვოდა მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება, სადაც ის არაკონსტიტუციურს უწოდებდა ფარცხალაძისთვის ანგარიშების შესაძლო დაყადაღებას.
ცვლილებები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 8 აგვისტოს ბრძანებაში დღეს, 19 სექტემბერს შევიდა და მას სებ-ის პრეზიდენტობის მოვალებოის შემსრულებელი, ნათია თურნავა აწერს ხელს.
ცვლილებების თანახმად, სანქციათა რეჟიმი საქართველოს მოქალაქეზე იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. იმავე პრინციპით გავრცელდება სანქციათა რეჟიმი იმ იურიდიულ პირზე, რომლის წილსაც სანქცირებული საქართველოს მოქალაქე ფლობს.
უფრო ზუსტად, ბრძანებაში წერია:
“საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული გამონაკლისი:
1. ამ წესით გათვალისწინებულ სანქციათა რეჟიმები ვრცელდება:
ა) საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი;
ბ) საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს (ფლობენ) სანქცირებული საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.
2. საქართველოს ეროვნული ბანკი ზედამხედველობის პროცესში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისთვის.“
ბრძანების თანახმად, ის გამოქვეყნებისთანავე, ანუ დღეიდან ამოქმედდება.





