ახალი ამბები

პროკურატურის ცნობით, ფარცხალაძის საქმეზე სუსში გამოძიება მიმდინარეობს, სუსი დუმს

19 სექტემბერი, 2023 • 1141
პროკურატურის ცნობით, ფარცხალაძის საქმეზე სუსში გამოძიება მიმდინარეობს, სუსი დუმს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა თავად სუსი დუმს.

პროკურატურამ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც უარყო ოთარ ფარცხალაძის კავშირები საქართველოს პროკურატურასთან. ამავე განცხადებაში პროკურატურა წერს:

„რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ ოთარ ფარცხალაძის სანქცირების და ამ საკითხთან საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის ირგვლივ მიმდინარე სამართლებრივ რეაგირებას, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად, გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, მათ მიერ მოპოვებულ, მათ შორის უცხოეთის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ მტკიცებულებებს, მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და მასზე მოხდება ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება, რაზეც მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას“.

2023 წლის 14 სექტემბერს აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს და ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებულ პირს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის თანახმად, რუსეთის სპეცსამსახურები ფარცხალაძის მეშვეობით გავლენას ახდენენ საქართველოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 15 სექტემბერს მხოლოდ ის თქვა, რომ „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების ირგვლივ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს საკითხის შესწავლა”, თუმცა ეს არ ნიშნავს გამოძიების დაწყებას.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების საფუძველზე, „ნეტგაზეთი“ შეეცადა, სუს-ში დაეზუსტებინა, დაიწყო თუ არა გამოძიება და რა მუხლით, თუმცა უწყებაში ჩვენს ზარებს და ტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი