ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ფართომასშტაბიანი აგრესია ეთნიკური წმენდისთვის” – ერევანი ყარაბაღის ამბებზე

19 სექტემბერი, 2023 • 1333
“ფართომასშტაბიანი აგრესია ეთნიკური წმენდისთვის” – ერევანი ყარაბაღის ამბებზე

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ბაქოს განცხადება იმის თაობაზე, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

“ესაა ფართომასშტაბიანი აგრესია მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის წინააღმდეგ, რომელიც მიმართულია ეთნიკური წმენდის პოლიტიკის დასრულებისკენ. დაუსჯელობის განცდის გამო ბაქომ ღიად აიღო აგრესიაზე პასუხისმგებლობა”, – ნათქვამია საგარეოს განცხადებაში.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს, 19 სექტემბერს, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მიერ დაწყებული საბრძოლო მოქმედებების გამო, რომელსაც ბაქო ანტიტერორისტულ ზომებს უწოდებს, უშიშროების საბჭოს სხდომა მიიწვია.

მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე, რომელსაც ამ ეტაპზე აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებს, აზერბაიჯანმა შეტევა დაიწყო. ბაქოს ცნობით, ის ანტიტერორისტულ ოპერაციას ატარებს.

სტეპანაკერტში [დე ფაქტო დედაქალაქი] აფეთქებების ხმაა, მოსახლეობა ევაკუაციისთვის სარდაფებში ჩავიდა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მისი მიზანი მშვიდობიანი მოქალაქეები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არაა და მხოლოდ სამხედრო ობიექტებს უტევს, თუმცა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანს, რომ ჭურვები საცხოვრებელ კორპუსებს მოხვდა და დააზიანა. ამ ეტაპზე ყარაბაღში მსხვერპლზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი