ახალი ამბები

„არ შეიძლება, ადამიანს დაუძახო აგენტი“ — ამბობს კობახიძე, თუმცა თავად არაერთხელ გაუკეთებია იგივე

19 სექტემბერი, 2023 • 1438
„არ შეიძლება, ადამიანს დაუძახო აგენტი“ — ამბობს კობახიძე, თუმცა თავად არაერთხელ გაუკეთებია იგივე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მტკიცებულებების წარმოდგენამდე და სასამართლოს განაჩენამდე ადამიანისთვის აგენტის დაძახება არ შეიძლება.

აშშ-ის ხაზინისა და სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, „ეფესბე“ (რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური) იყენებდა ოთარ ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის.

„როდესაც საქართველოს მოქალაქე ხდება უცხო ქვეყნის აგენტი, განსაკუთრებით იმ სახელმწიფოს აგენტი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიის 20%, ეს ჩვენი კანონმდებლობით არის სისხლის სამართლის დანაშაული. მაგრამ ასეთ დროს წარმოებს შესწავლა, გამოძიება, შემდეგ საქმე მიდის სასამართლოში და თუ დადგინდება, რომ პირი მართლაც არის აგენტი, — ამას სჭირდება მტკიცებულებები ,— ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო იღებს შესაბამის ზომებს. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია საუბარი იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება მტკიცებულებები. არ შეიძლება ადამიანს დაუძახო აგენტი“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ გააკრიტიკა საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც თქვა, რომ „ყველაზე დიდი უბედურება არის ის, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი ყოფილა „ეფესბეს“ აგენტი.

„სალომე ზურაბიშვილმაც პრაქტიკულად იგივე გაიმეორა, ვიღაცას ეძახის აგენტს. მე შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილს ეძახდნენ „სტრეკაზას“ კონკრეტული ადამიანები… მტკიცებულება ხომ არის საჭირო. წარმოადგინონ [მტკიცებულებები], ვის უმალავენ?! არ არსებობს ასეთი მტკიცებულებები. ვიღაც რომ დააბრალებს ადამიანს აგენტობას, შენ როდესაც ხარ სახელმწიფო და როდესაც საუბარია შენი ქვეყნის მოქალაქეზე, უნდა მოითხოვო მტკიცებულებები ამასთან დაკავშირებით. სახელმწიფომ და საზოგადოებამაც… ქართულ საზოგადოებას ეუბნებიან, რომ არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ჯაშუშურ საქმიანობას აწარმოებს რუსეთის სასარგებლოდ საქართველოში.

საზოგადოებას ხომ არ შეიძლება დაუმალო ეს ინფორმაცია. არასწორია. არ შეიძლება ადამიანს დაუძახო აგენტი ვიდრე არ არსებობს მტკიცებულებები, ვიდრე არ არსებობს განაჩენი. ამ სტანდარტზეა საუბარი, მეტი კი არაფერზე“, — თქვა კობახიძემ.

„ქართული ოცნება“ ცოტა ხნის წინ აპირებდა კანონის მიღებას, რომლითაც „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტებად” დაარეგისტრირებდა დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც დაფინანსების 20%-ს საზღვარგარეთიდან იღებდნენ.

ტერმინთან დაკავშირებით კრიტიკის საპასუხოდ კობახიძე აცხადებდა, რომ „აგენტი სხვაა და ჯაშუში სხვა”.

„ზოგადად ყველამ იცის, რომ აგენტი არ ნიშნავს ჯაშუშს. ანუ, საქართველოს კანონმდებლობას თუ ჩახედავთ, ჯაშუშობა არის დასჯადი, ანუ აგენტურული საქმიანობა, როგორც ასეთი, ასეთი ტერმინოლოგია არ გამოიყენება. ჯაშუშობა არის დასჯადი სხვა რამე და ვიღაცის და რაღაცის აგენტი რომ ხარ – ეს არის სხვა რამე. აგენტი ნიშნავს იმას, რომ ვიღაცის ინტერესის გამტარებელი ხარ და არა ჯაშუში. ამ ტერმინს რეალურად ვერ გამოეკიდები, არსებობს დაზღვევის აგენტი, რომლის მიზანია დაგარწმუნოს, კონკრეტული ხელშეკრულება გააფორმო სადაზღვევო კომპანიასთან, ბანკში არის აგენტი და ყველა სფეროში არიან აგენტები“, – ამბობდა კობახიძე.

მოგვიანებით მან დაადასტურა, რომ აგენტი ჯაშუშთან ასოცირებული ტერმინი იყო და თქვა, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტმა ერთი კარგი რამ მოიტანა — გაირკვა, რომ აგენტის, ჯაშუშის იარლიყი ყველა შემთხვევაში სათაკილოა.

კობახიძეს თავად არაერთხელ უწოდებია ოპონენტებისთვის როგორც გავლენის აგენტი, ისე ჯაშუში, მტკიცებულებების და სასამართლოს განაჩენის გარეშე.

„გიორგი ვაშაძე არის ჩვეულებრივი ჯაშუში, ის არ არის უცხოური გავლენის აგენტი. მიხეილ სააკაშვილიც არის ჯაშუში. არ მინდა ამ თემაში შესვლა, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, ვისია, ჩრდილოეთ კორეის, რუსეთის თუ ავსტრალიის. ჯაშუში ჯაშუშია და ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად უნდა გააცნობიეროს“, – აცხადებდა კობახიძე.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ კობახიძემ თქვა, რომ „ერთ აგენტს შეაწყალებინეს მეორე აგენტი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი