ახალი ამბებიხელოვნება

ჯონ მალკოვიჩის ჯანმრთელობის პრობლემის გამო თბილისის ფესტივალზე სპექტაკლი გაუქმდა

18 სექტემბერი, 2023 • 1679
ჯონ მალკოვიჩის ჯანმრთელობის პრობლემის გამო თბილისის ფესტივალზე სპექტაკლი გაუქმდა

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის  განცხადებით, ჯონ მალკოვიჩის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სპექტაკლი მოხსნეს. სპექტაკლი  „ბამბის მინდვრების სიმარტოვეში”,  რომელშიც მთავარ როლს ამერიკელი მსახიობი ჯონ მალკოვიჩი ასრულებს, 7-8 ოქტომბერს უნდა გამართულიყო.

„ძალიან იშვიათია, როდესაც სპექტაკლი მსახიობის გამო იხსნება ან იცვლება. მსახიობი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ვერ თამაშობს სპექტაკლს. ეს ასეთი კანონია. დაუწერელი. უკიდურესი კი ისეთი მდგომარეობაა, როდესაც ჯანმრთელობა რადიკალურად არ გაძლევს საშუალებას სცენაზე იდგე, იმუშაო იმ ხარისხით, რა ხარისხითაც ხარ პასუხისმგებელი როლზე.

მოკლედ, სწორედ ახლა გაჩნდა ეს უკიდურესი და იშვიათი შემთხვევა – ჯონ მალკოვიჩს თვალის უმძიმესი დაავადება აღმოაჩნდა. ოპერაციები ჩაუტარდა და აღმოჩნდ,ა რომ ჯერჯერობით ვერ ხედავს , მხოლოდ სუსტად, სილუეტებს. მას აკრძალული აქვს ფრენა, ხანგრძლივი მგზავრობა, აკრძალული აქვს მკვეთრი მოძრაობა და მხოლოდ ოქტომბრის ბოლოს, კონსილიუმის მერე გაირკვევა, როდის შეეძლება მგზავრობა და პროფესიაში დაბრუნება.
ჩვენი ფესტივალის „ბამბის მინდვრების სიმარტოვეში“ ვერ შედგება 7 და 8 ოქტომბერს.”

ფესტივალის გუნდი იმედს იტოვებს, რომ ოპერაცია კარგად ჩაივლის და მსახიობი დაუბრუნდება სცენას. ასეთ შემთხვევაში კი –  თბილისში გასამართი სპექტაკლი მალკოვიჩისთვის დარჩება პრიორიტეტად და ახალ თარიღზე დაიწყებენ მოლაპარაკებას.

რაც ეხება ბილეთებს – ონლაინ რეჟიმში შეძენილი ბილეთების თანხა ერთი კვირის ვადაში ავტომატურად დაბრუნდება ანგარიშზე, საიდანაც იქნა ბილეთი შეძენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი