ახალი ამბები

ტრეფიკინგის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

16 სექტემბერი, 2023 • 2354
ტრეფიკინგის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შსს-მ ტრეფიკინგის ბრალდებით 4 პირი დააკავა.

დაკავებულებს შორის არიან საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1983 წელს დაბადებული მ.მ.; 1993 წელს დაბადებული ს.ა.; 1961 წელს დაბადებული ბ.ც. და 1978 წელს დაბადებული პ.წ.

გამოძიებით თანახმად, ბრალდებულებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა მ.მ.-მ და ს.ა.-მ ადამიანებით ვაჭრობის გეგმა შეიმუშავეს. აღნიშნული გეგმის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, დაზარალებულებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით თბილისში სხვადასხვა ადგილას მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ, ამ გზით მოპოვებულ ფულად თანხას კი ისაკუთრებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულები ბრალდებულების მოთხოვნებს არ დაემორჩილებოდნენ, მათ სიტყვიერად და ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებაში მათ დახმარებას უწევდნენ ბ.ც. და პ.წ., რომლებიც უზრუნველყოფდნენ დაზარალებულების „სამუშაო“ ლოკაციებზე გაყვანასა და შემდგომ უკან მოძალადეებთან დაბრუნებას. ასევე, დღის განმავლობაში მათ გაკონტროლებას და ზედამხედველობას.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი