ახალი ამბები

EU-სადმი დადებითი დამოკიდებულება შემცირებულია — კვლევა

15 სექტემბერი, 2023 • 2934
EU-სადმი დადებითი დამოკიდებულება შემცირებულია — კვლევა

euneighbourseast.eu-ს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, ქართველების 54%-ს ევროკავშირზე დადებითი წარმოდგენა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით 11%-ით ნაკლები მაჩვენებელია.

ეს მაჩვენებელი შემცირებულია ძირითადად ნეიტრალური დამოკიდებულების ზრდის ხარჯზე. ევროკავშირისადმი უარყოფითი დამოკიდებულება აქვს 3%-ს, რაც 2022 წლის იდენტურია.

ევროკავშირისადმი დამოკიდებულების დინამიკა. წყარო: euneighbourseast

კვლევის მიხედვით:

  • ევროკავშირი კვლავ რჩება ქართველებისთვის ყველაზე სანდო საერთაშორისო ინსტიტუტად (78%), თუმცა წინა წელთან შედარებით ნდობა 5%-ით შემცირებულია;
  • გამოკითხულთა 82% ინფორმირებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ და ევროკავშირს ერთ-ერთ მთავარ ფინანსურ კონტრიბუტორად მიიჩნევს;
  • საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი რომ ჩატარებულიყო (კვლევის ჩატარების დროს, 2023 წლის თებერვალი), მოქალაქეთა უმრავლესობა გაწევრიანებას მხარს დაუჭერდა (74%);
  • მედიასაშუალებებში ევროკავშირი წარმოდგენილია დადებით (53%) ან ნეიტრალურ (32%) ჭრილში;
  • ეკონომიკური განვითარება და ვაჭრობა (46%), განათლება (40%) და უსაფრთხოება (47%) ის სფეროებია, სადაც მოქალაქეები ევროკავშირის უფრო მეტი მხარდაჭერას მიესალმებოდნენ.

კვლევის თანახმად, შარშანდელის მსგავსად, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა (84%) თვლის, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა აქვს. ეს მაჩვენებელი ცხრა პუნქტით არის გაზრდილი 2016 წელთან შედარებით, როდესაც გამოკითხვა პირველად ჩატარდა. გარდა ამისა, მკვეთრად არის გაზრდილი ინფორმირებულობა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ. კერძოდ, წელს ეს მაჩვენებელი 82%-ს უტოლდება — 2016 წლის 60%-თან შედარებით.

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს პროგრამამ ჩაატარა 2023 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევა აღმოსავლეთ სამეზობლოს ექვს ქვეყანაში: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. უახლესი გამოკითხვა 2023 წლის თებერვალში მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 1 000 რესპონდენტთან პირისპირ ინტერვიუების საშუალებით ჩატარდა. ყოველწლიური საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2016 წლიდან მოყოლებული უკვე მერვე წელია ტარდება. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კვლევის შედეგები წარმოდგენილია ეროვნულ ანგარიშებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი