ახალი ამბები

ევროპარლამენტმა ჰააგას ლუკაშენკოს დაპატიმრების ორდერის გაცემისკენ მოუწოდა

14 სექტემბერი, 2023 • 1078
ევროპარლამენტმა ჰააგას ლუკაშენკოს დაპატიმრების ორდერის გაცემისკენ მოუწოდა

ევროპარლამენტი მოუწოდებს საერთაშორისო სისხლის სამართლის, იგივე ჰააგის სასამართლოს, ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს დაპატიმრების სანქცია გასცეს, იტყობინება „დოიჩე ველე“.

13 სექტემბერს მიღებულ რეზოლუციაში ევროპარლამენტარები მოიხსენიებენ ლუკაშენკოს, როგორც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსეთის მიერ ბავშვების ბელარუსში დეპურტაციის თანამონაწილეს. ბავშვები, ნათქვამია რეზოლუციაში, ბელარუსის ე.წ. „ჯანდაცვის ბანაკებში“ რუსიფიკაციასა და იდეოლოგიურ დამუშავებას ექვემდებარებიან.

რეზოლუციაში ასევე დაგმობილია ლუკაშენკოს მონაწილეობა რუსეთის სრულმასშტაბიან ომში. ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ რაკი ლუკაშენკო და მისი რეჟიმი რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების თანამონაწილეა, სპეციალურ საერთაშორისო ტრიბუნალს რუსეთის აგრესიის საკითხებზე უნდა ჰქონდეს იურისდიქცია არა მარტო რუსეთის, არამედ ბელარუსის ხელმძღვანელი პირების ქმედებების გამოსაძიებლად.

რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს და ევროკავშირის წევრებს, მიიღონ ყველა ზომა, რათა უზრუნველყოფილ იქნას „სისხლის სამართლის დევნა იმ ბელარუსელი თანამდებობის პირების, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიის, სამხედრო დანაშაულების, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებისა და გენოციდის თანამონაწილენი არიან“.


ამჟამად ჰააგის სასამართლოს დაპატიმრების ორდერი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე აქვს გაცემული. მას უკრაინიდან ბავშვების რუსეთში დეპორტაციაში ადანაშაულებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი