ახალი ამბებიეკონომიკა

რეფინანსირების განაკვეთი ისევ შემცირდა, სესხების ნაწილი გაიაფდება

13 სექტემბერი, 2023 • 3037
რეფინანსირების განაკვეთი ისევ შემცირდა, სესხების ნაწილი გაიაფდება

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით შეამცირა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ამჟამად 10 პროცენტს შეადგენს. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ყველა იმ პირს, ვისი სესხიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული, სესხის პროცენტი გაუიაფდება.

ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ინფლაცია, როგორც მოსალოდნელი იყო, სამიზნე მაჩვენებელზე (3 პროცენტი) დაბალია და აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 0.9 პროცენტი, ხოლო საბაზო ინფლაციამ 2.5 პროცენტი შეადგინა. ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ საგარეო ფაქტორების როლი ინფლაციის ფორმირებაში მნიშვნელოვნად შემცირდა:

„კერძოდ, წინა წლიდან მოყოლებული, საერთაშორისო ბაზრებზე სურსათისა და ნედლეულის ფასებმა იკლო და საერთაშორისო გადაზიდვების ღირებულებაც თითქმის პანდემიამდელ დონეს დაუახლოვდა. ეს კი, ლარის გამყარებულ გაცვლით კურსთან ერთად, საქართველოში იმპორტული საქონლის ფასებს ამცირებს. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და შემცირებული ინფლაციური მოლოდინები, ასევე, მნიშვნელოვნად განაპირობებს ინფლაციის კლებას.

შედეგად, ადგილობრივი ინფლაციაც შედარებით ნელი ტემპით, თუმცა მაინც იკლებს და აგვისტოში ის 6.1 პროცენტს გაუტოლდა. წლის განმავლობაში მისი კიდევ უფრო შემცირებაა მოსალოდნელი. ამასთანავე, სახეზეა მოთხოვნის მხრიდან ინფლაციური წნეხის განეიტრალების ადრეული ნიშნებიც. კერძოდ, ეკონომიკური აქტივობის ზრდის ტემპი გრძელვადიან პოტენციურ ეკონომიკურ ზრდას მიუახლოვდა“ ,— ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეროვნული ბანკის თქმით, მიმდინარე პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2023 წლის შემდგომ თვეებში მიზნობრივ 3-პროცენტიან დონეზე დაბალი იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში, მასთან ახლოს შენარჩუნდება. განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ მოკლევადიან პერიოდში მიზნობრივ დონეზე დაბალი ინფლაცია გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების ნორმალიზებას უწყობს ხელს.

თუმცა ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, ინფლაციური რისკები კვლავ მაღალია და მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა სასაქონლო ბაზრებზე გაურკვევლობას ზრდის:

„ინფლაციაზე ზეწოლის კუთხით, საგარეო რისკებთან ერთად, ჯერ კიდევ საყურადღებოა ადგილობრივი ეკონომიკური ტენდენციებიც. მიუხედავად ერთობლივი მოთხოვნის დასტაბილურებისა, საყურადღებოა, რომ საკრედიტო აქტივობა უცხოურ ვალუტაში დაჩქარდა. აღნიშნული ტენდენციის გაგრძელებამ მომავალში  შეიძლება ინფლაციაზე დამატებითი წნეხი წარმოშვას.

ამ რისკების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას ფრთხილი ბიჯებით აგრძელებს. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიმდინარე სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით შეამცირა. ინფლაციის ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით, სხვა თანაბარ პირობებში, საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზებას მხოლოდ ნელი ტემპით გააგრძელებს“ ,— ვკითხულობთ განცხადებაში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 25 ოქტომბერს ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი