ახალი ამბები

ქაღალდი ეკრანის ნაცვლად – შვედეთში სწავლისადმი მიდგომას ცვლიან

12 სექტემბერი, 2023 • 2702
ქაღალდი ეკრანის ნაცვლად – შვედეთში სწავლისადმი მიდგომას ცვლიან

შვედეთში აპირებენ, რომ სკოლებში სწავლის პროცესში შეამცირონ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება და უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ ქაღალდზე დაბეჭდილი მასალების კითხვასა და ხელით წერას – იტყობინება „გარდიანი“.

რეფორმას წინ უძღოდა შვედეთის პოლიტიკური და ექსპერტული წრეების მიერ ქვეყნის ციფრული მიდგომის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. ციფრული ტექნოლოგიების ზედმეტად გამოყენების ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსი ლოტა ედჰოლმი იყო, განათლების მინისტრი, რომელმაც თანამდებობა თერთმეტი თვის წინ დაიკავა.

„შვედ მოსწავლეებს მეტი სახელმძღვანელო სჭირდებათ. დაბეჭდილი წიგნები მნიშვნელოვანია სწავლისთვის“, – ამბობს იგი.

აგვისტოში ედჰოლმმა განაცხადა, რომ ხელისუფლება გეგმავს, გააუქმოს განათლების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება, რომლითაც ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება წინასასკოლო ეტაპზეც სავალდებულო ხდებოდა. სამინისტრო უფრო შორსაც აპირებს წასვლას და ექვს წლამდე ბავშვებისთვის ციფრულ სწავლებას სრულიად გააუქმებს.

დისკუსია ციფრული ტექნოლოგიების ავ-კარგიანობაზე ემთხვევა შვედეთის მაჩვენებლის ვარდნას „წერა-კითხვის ცოდნის საერთაშორისო რეიტინგში“. 2016 წელს საშუალო მეოთხეკლასელი შვედეთიდან ამ რეიტინგში 555 ქულას იღებდა, 2021 წელს – 544-ს.

ექსპერტების აზრით, ვარდნა შეიძლება კოვიდის პანდემიის, ან მიგრანტთა ზრდით [რომელთათვისაც შვედური მშობლიური არაა] იყოს გამოწვეული. მაგრამ, მიზეზთა შორის უნდა იყოს ეკრანთან ზედმეტად გატარებული დროც, მიიჩნევენ ისინი.

შვედეთის კაროლინსკას ინსტიტუტის განცხადების თანახმად, ციფრული ტექნოლოგიები არათუ ხელს არ უწყობს, არამედ ხელს უშლის ბავშვებს სწავლებაში.

„მივიჩნევთ, რომ კვლავ ფოკუსირებული უნდა ვიყოთ განათლებაზე, რომელსაც ბავშვები მიიღებენ სახელმძღვანელოებიდან და მასწავლებლებისგან, და არა ციფრულად ხელმისაწვდომი წყაროებიდან“, – ამბობენ ინსტიტუტში.

ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით შეშფოთებულნი არიან გაეროს განათლებისა და კულტურის სააგენტოში, „უნესკოში“. უწყება მოუწოდებს ქვეყნებს, „შესაბამისად გამოიყენონ ტექნოლოგიები განათლების სფეროში“. „უნესკო“ თავის ანგარიშში სკოლებს აფრთხილებს, რომ ტექნოლოგიებმა არ უნდა ჩაანაცვლონ ჩვეული სწავლების პროცესი.

მასალების გადაბეჭდვის წესი