ახალი ამბები

რას უკავშირდება გზის ჩამოშლა რაჭაში — დეპარტამენტის განმარტება

11 სექტემბერი, 2023 • 1728
რას უკავშირდება გზის ჩამოშლა რაჭაში — დეპარტამენტის განმარტება

ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამის მიზეზი დაზიანებული გზის სავალი ნაწილის აღდგენის სამუშაოებია.

დეპარტამენტის პრესსამსახურის ცნობით, საუბარია საჩხერე-ონის ძველი და ახალი გზების დაერთების ადგილზე. როგორც “ნეტგაზეთს” უწყებაში უთხრეს, ამჟამად ონში შესვლა საჩხერე-ონის ახალი გზით არის შესაძლებელი.

აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტმა პირველი განცხადება 11 სექტემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე გაავრცელა.

“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-ზე, დაზიანებული გზის სავალი ნაწილის აღდგენის სამუშაოების გამო, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”, — ეწერა მოკლე განცხადებაში.

1 საათში ონის საკრებულოს წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან”, ნოდარ ბურდილაძემ ჩამოშლილი გზის ფოტოები გამოაქვეყნა.

“გზა ონის მიმართულებით არ არის, ისევ ჩამოიშალა”, — აღნიშნავდა ბურდილაძე.

აღნიშნულის შემდეგ გზების დეპარტამენტმა უფრო ვრცელი განცხადება გაავრცელა, რომელშიც დასძენს, რომ დაბზარული გზა ხელოვნურად ჩამოშალეს.

“მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, აღნიშნულ მონაკვეთზე, ჩამოიშალა მიწის მცირე მასა, რის შემდეგაც, უსაფრთხოების მიზნით, 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა მონიტორინგი, ხოლო ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდებოდა მხოლოდ ერთ ზოლში.

დაკვირვების შემდგომ გამოიკვეთა, რომ გზის სავალ ნაწილზე არსებულმა ბზარებმა მოიმატა, შესაბამისად მიღებული იქნა გზის დაბზარული ნაწილის ხელოვნურად ჩამოშლის გადაწყვეტილება, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო ავტოტრანსპორტის უსაფრთხო განვლადობა”, — დასძენს უწყება.

მისივე სიტყვებით, “ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს შემთხვევა მოხდა საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელ ახალ გზაზე, რაც არ შეესაბამება სიმართლე”. დეპარტამენტის განცხადებით, 107-ე კილომეტრზე არსებული ეს მონაკვეთი “ისედაც ცუდ მდგომარეობაში იყო და სწორედ ამიტომ დაიგეგმა სარეაბილიტაციო სამუშაოები”.

ამავე განცხადების მიხედვით, “ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა დღის ბოლოსთვის იგეგმება”.

ფოტო: ნოდარ ბურდილაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი